LGBTQ

სუხიშვილი: ქართული ცეკვა არის კაცური, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია

მარაო

"სუხიშვილების" გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი ფილმ "And Then We Danced"-ის რეჟისორის, ლევან აკინის, ბრალდებას გამოეხმაურა. 

აკინმა The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს დახმარებისთვის მიმართა, მან კი უთხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს და ყველა სხვა ანსამბლს ფილმში მონაწილეობა აუკრძალა. 

სუხიშვილი აკინის ბრალდებებს PrimeTime-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოეხმაურა და თქვა, რომ ლევან აკინი მას ცილს სწამებს. 

"აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს "სუხიშვილების" ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე - ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია.

სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ "სუხიშვილების" ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?" - ამბობს ნინო სუხიშვილი. 

ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინსის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ცნობისთვის, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

ჟურნალი ვარსკვლავებს ყოველწლიურად ასახელებს და მათ იმის მიხედვით ირჩევს, რამდენად საინტერესო ფილმში ითამაშეს, რამდენად საინტერესო იყო მათი პერსონაჟი და რამდენად ნიჭიერია თავად მსახიობი.

კომენტარები