მაიკლ ჯექსონი

ჯექსონის ფანები იმ პირებს უჩივიან, ვინც ამბობს, რომ მომღერალი მათზე სექსუალურად ძალადობდა

The Sun Daily

მაიკლ ჯექსონის ფანების ნაწილმა სექსუალური ძალადობის ორი შესაძლო მსხვერპლის წინააღმდეგ საფრანგეთის ჩრდილოეთით, ორლეანსის სასამა​რთლოში სარჩელი შეიტანეს. მათი მტკიცებით, HBO-ს ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა "Leaving Neverland" პოპის მეფის რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა. 

მაიკლ ჯექსონის საზოგადოებამ, MJ Street და ჯექსონის მხარდამჭერმა რამდენიმე ჯგუფმა უეიდ რობსონსა და ჯეიმს სეიფჩაკს უჩივლეს. რობსონისა და სეიფჩაკის თქმით, 7 და 10 წლის ასაკში მაიკლ ჯექსონი მათზე სექსუალურად ძალადობდა.

გულშემატკივრები ზიანის ასანაზღაურებლად მათგან სიმბოლურად 1 ევროს ითხოვენ. ჯექსონის გულშემატკივრების საფრანგეთის სასამართლოში ჩივილის მიზეზი არის ის, რომ საფრანგეთში დისკრედიტაციის შესახებ კანონი პირს სიკვდილის შემდეგაც იცავს ცილისწამებისგან.

რობსონი და სეიფჩაკი სასამართლოში არ გამოცხადებულან. სასამართლოს განაჩენი 4 ოქტომბერს გახდება ცნობილი. 

ჯეიმს სეიფჩაკმა მაიკლ ჯექსონი 10 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც მასთან ერთად პეპსის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, უეიდ რობსონმა კი მაიკლ ჯექსონი 7 წლის ასაკში კონცერტზე გაიცნო.

დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ მაიკლ ჯექსონის სააგენტომ HBO-ს უჩივლა და 100 მილიონი დოლარის გადახდა მოთხოვა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

მაიკლ ჯექსონი სიცოცხლეშივე ორჯერ 1993 და 2003 წლებში დაადანაშაუელეს ბავშვების სექსუალურ შევიწროებაში. პირველ შემთხვევაში პოპის მეფე უდანაშაულოდ ცნეს, მეორე შემთხვევაში კი მისი სასამართლო პროცესები 2003 წლიდან 2005 წლამდე გრძელდებოდა და საბოლოოდ სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

პოპის მეფე 2009 წელს გარდაიცვალა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად არტისტად რჩება.

კომენტარები