რუსული ოკუპაცია

დუმის ვიცე-სპიკერი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ტერიტორიები

რუსთავი 2

რუსეთის პარლამენტის, იგივე დუმის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ტერიტორიები.

ამის შესახებ პეტრე ტოლსტოიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უთხრა და მოუწოდა, გადასცეს ეს ყველას, ვინც "ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის".

"რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. როდესაც თქვენი ე.წ. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი? აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდება თქვენი ტერიტორიები. რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს არასდროს მოხდება", - თქვა პეტრე ტოლსტოიმ.

20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. 20 ივნისის შემდეგ, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

კომენტარები