ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის მოთხოვნილი შესწორება არ მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა რუსეთის დელეგაციის მიერ შეტანილი შესწორება არ მიიღო. რუსეთის დელეგაციას კომიტეტზე წარდგენილი რეზოლუციის შერბილება სურდა, რომელიც უკრაინას შეეხება.

რეზოლუცია, რომელიც ეუთოს ასამბლეაზე გუშინ შევიდა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას შეეხება და რუსეთს მოუწოდებს უზრუნველყოს ყირიმის და სევასტოპოლის დეოკუპაცია და გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან რუსული შეიარაღებული ძალები.

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ რეზოლუციაში შესწორებების შეტანა მოითხოვა, კერძოდ ტექსტიდან ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებული ნაწილის ამოღებას.

კომიტეტის სხდომაზე დუმის ვიცესპიკერმა თქვა, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან შეერთების არაღიარება იგივეა, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების არაღიარება. ამის შესახებ რია-ნოვოსტი წერს.

რეზოლუცია, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს, უკრაინის გარდა საქართველოს, მოლდოვასა და აზერბაიჯანსაც შეეხება და კონფლიქტების მონაწილე მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის პატივისცემისაკენ მოუწოდებს.

კომენტარები