"მწერლები ოკუპაციის წინააღმდეგ" - დღეს პარლამენტთან აქციას ქართველი მწერლები შეუერთდებიან

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია სირცხვილია 18.0 გაიმართება, რომელსაც ქართველი მწერლები შეუერთდებიან.

"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და რუსი დეპუტატების განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველოს შს მინისტრმა სამაგალითოდ დასაჯა ოკუპაციის წინააღმდეგ შეკრებილი დემონსტრანტები და თანამდებობის დატოვების ნაცვლად, აგრძელებს ზეწოლას გამოძიებაზე", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, გიორგი გახარიამ, როგორც მხარემ, უნდა დატოვოს თანამდებობა და საშუალება მისცეს გამოძიების პროცესს ჩაიაროს წნეხის გარეშე.

20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. 20 ივნისის შემდეგ, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები