თბილისი პრაიდი

თბილის პრაიდი ღირსების მარშს 8 ივლისს გამართავს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Tbilisi Pride

თბილისი პრაიდი ღირსების მარშს ხვალ, 8 ივლისს გამართავს. ამის შესახებ ორგანიზატორებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

ღონისძიების ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად გაიმართება.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ იმასაც, რომ 22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს.

"ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში", - წერია განცხადებაში.

თბილისი პრაიდი 18-23 ივნისს იყო ჩანიშნული და დაგეგმილი ყველა ღონისძიება, გარდა ღირსების მარშისა, ჩატარდა. რაც შეეხება მარშს, ორგანიზატორებმა მისი გადადების გადაწყვეტილება 20 ივნისის დარბევისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს და თქვეს, რომ ხელს არ შეუწყობენ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას.

"არ მივცემთ პრო-რუსულ, ნეო-ფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას, შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნული იყო თბილისი პრაიდის განცხადებაში.

----

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებებისთვის, ასევე, ღირსების მარშისთვის თბილისი პრაიდის გუნდი გასული 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება. ამის შემდეგ ლგბტ+ თემმა და აქტივისტებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები