ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

რუსი დეპუტატი ეუთოში: რეზოლუცია თბილისში დაწყებული კონფლიქტის გაგრძელების მცდელობაა

რუსმა დეპუტატმა, სერგეი კლიმოვმა ეუთოში საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის შესახებ რუსულ სააგენტო "რაშა თუდეისთან" გააკეთა კომენტარი. დეპუტატის განცხადებით, სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია თბილისში დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება შეიძლება იყოს, ამ კონფლიქტში კი რუსეთს ბრალი არ მიუძღვის.

"რუსეთის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, რომ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს უფლება პირდაპირ მომდინარეობს გაეროს წესებიდან. ჩვენთვის ეს ისტორია უკვე დასრულდა, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ"

კლიმოვის თქმით, მეზობლებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად დიალოგია საჭირო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე "სკანდალური განცხადებებით" გამოსვლა საქართველოს გამოსავლის პოვნაში ვერ დაეხმარება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე საქართველოს პროექტი - "უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით მიიღეს. რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზეა საუბარი. რეზოლუციის პროექტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილება, დამტკიცების შემდეგ კი დოკუმენტი ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახება.​

კომენტარები