რუსთავი 2

R2: გაბუნიამ სტანდარტი დაარღვია და ამაზე ვიმსჯელებთ, ხელისუფლების მუქარა დაუშვებელია

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2 გიორგი გაბუნიას გინების გამო მაყურებლებს ბოდიშს უხდის. ამასთან, დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან მუქარას და საზოგადოებას მოუწოდებს, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე.

"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები.

გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებიამხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ჯდება არხის მიერ განსაზღვრულ და ზოგადად საზოგადოებაში დადგენილ ეთიკურობის ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი საავტორო განცხადების გაკეთების დროს,ჟურნალისტმა გაითვალისწინოს ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გარემოებების კონტექსტი. მივიჩნევთ, რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვირთრეგულირების ორგანო.

გარდა ამისა, ტელეკომპანია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით
გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეიცავს ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალურ საფრთხეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე" - ნათქვამია რუსთავი 2-ის განცხადებაში.

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". ამ წუთებში რუსთავი 2-თან მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობები აქციას მართავენ - ისინი ითხოვენ, გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანმა ბოდიში მოიხადოს. შეკრებილების ნაწილი ითხოვს, გაბუნიამ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მსგავსად დატოვოს ქვეყანა, ნაწილის თქმით კი, მას არხი უნდა დაატოვებინონ. 

კომენტარები