გიგა ბოკერია

ბოკერია გაბუნიაზე: უხამსი სიბრიყვე იყო, მაგრამ რეაქცია აჩვენებს, რა სამარცხვინოა ხელისუფლება

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ზე, გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინისათვის რუსულად გინებაზე კომენტარი გააკეთა:

"უნდა მოახერხო, რომ პუტინის წინააღმდეგ რამე თქვა და მტყუანი იყო. გაბუნიამ ეს შეძლო. პუტინისა და ივანიშვილის პროპაგანდისთვის სასარგებლო უხამსი სიბრიყვე - ასე შევაფასებებდი მის საქციელს.

მაგრამ ივანიშვილის მთავრობის რეაქცია გაბუნიას საქციელზე, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი სამარცხვინო და კატასტროფული გუნდია ხელისუფლების სათავეში. მთავრობა, რომელიც გავრილოვის ღამის გამო თავს არიდებს პასუხისმგებლობას და ხელს აფარებს გახარიას, რუსულ პროპაგანდას უხმობს საშველად და ქართველ ხალხს რუსეთთან ომით აშინებს.

ამას წინა დღეებშიც შვებოდნენ. მაგალითად ქალბატონი მაია ცქიტიშვილი რამდენიმე დღის წინ სამარცხვინოდ და უსინდისოდ ტყუოდა, თითქოს ხელისუფლების ოპონენტები რუსოფობიას, ანუ ეთნიკური ნიშნით სიძულვილს აღვივებენ. ეს ერთი ერთში იმეორებს მტრის, ანუ პუტინის პროპაგანდას.

იმ სამარცხვინო აქციაზე, რომელიც რუსთავი ორის წინააღმდეგ დაიწყო, სრული ლუსტრაცია ხდება - იქ დგას მმართველი პარტიის აქტივი და ივანიშვილის სატელიტი პუტინისტური დაჯგუფებების წარმომადგენლები. ისინი ერთდროულად და ღიად იცავენ პუტინს და გახარიას

ცალკე აღნიშვნის ღირსია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და საერთაშორისო თანამეგობრობას ოპონენტი ჟურნალისტის დაგმობისკენ მოუწოდა.

ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების ლეგიტიმური წნეხის შესამსუბუქებლად მტრის პროპაგანდას იყენებს, აუცილებლად უნდა გადავირჩიოთ შემდეგ არჩევნებზე" - ამბობს ის.

გადაცემა პორტსკრიპტუმი ეთერში დღეს გავიდა. გიორგი გაბუნიამ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას.

გადაცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მათ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვისაკენ მიმართულ პროვოკაციად შეაფასეს და საერთაშორისო საზოგადოებას შეფასებისაკენ მოუწოდეს:

"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას" ნათქვამია მათ განცხადებაში.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის განცხადებას, მან თქვა, რომ ხედავს საპროტესტო აქციების ეთნიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას:

"სამწუხაროდ, ჩვენ მას შემდეგ, 21 ივნისის შემდეგ ვხედავთ ისევ პოლიტიკური, ამავე პოლიტიკური ძალების მხრიდან მცდელობას, რომ ახლა უკვე ეს პროტესტი გადავიდეს ეთნიკურ ჭრილში ერთგვარი რუსოფობიური, ანტირუსული განწყობები გაძლიერდეს ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ერთი მცდელობა ალბათ აი ამ ტალღის, როდესაც უკვე ეკონომიკურ ასპექტში იქნას აი ეს ყველაფერი გადატანილი. ჩვენ უკვე ვიხილეთ რუსეთის რეაქცია იმ ქმედებებზე, რომელიც თუნდაც რუსეთის დელეგაციის ასეთი სახით გაცილებას დაერთო თან და იმ მოვლენებს, რომელიც იყო და უშუალოდ უკვე ეს შემდგომი გაღვივება ამ ანტირუსული განწყობების ქვეყანაში, რომელიც კიდევ ერთხელ განვმეორდები არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს არ გვქონია ჩვენ ქვეყანაში არამხოლოდ რუსების მიმართ, არამედ არცერთი სხვა ეროვნების მიმართ." თქვა მან.

კომენტარები