რუსთავი 2

შსს: უზრუნველვყოფთ როგორც წესრიგის დაცვას, ისე რუსთავი 2-ის თანამშრომლების უსაფრთხოებას

ინტერპრესნიუსი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ისე ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებას.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინ მიმდინარე აქციას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოსტსკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას.

"რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილების ნაწილი ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვენ.

ტელეკომპანიასთან მიმდინარე აქციის გამო, "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ტელეკომპანიის წინ მიმდინარე აქცია ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული და მაუწყებლობას შეწყვეტენ, ვიდრე მათი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები