რუსული ოკუპაცია

რუსული მედია: ქართველებმა პუტინის გინების გამო აქცია გამართეს

რუსული მედია ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიმდინარე აქციას აქტიურად აშუქებს და ამბობს, რომ ქართველებმა აქცია პუტინის გინების გამო გამართეს.

lenta.ru წერს, რომ ტელევიზიასთან დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა. გამოცემა გიორგი გაბუნიას მონოლოგს "გამოხდომას" უწოდებს და წერს, რომ აქციის მონაწილეები უკმაყოფილოები არიან, რადგან ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

"ისინი სკანდირებენ "საქართველო რუსთავი 2-ის გარეშე" და ისვრიან ცოცხებს ტელევიზიის მიმართულებით", - წერს გამოცემა.

lenta.ru სპუტნიკ საქართველოზე დაყრდნობით ასევე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები ემოციურები არიან და ითხოვენ ტელეკომპანიამ და წამყვანმა ბოდიში მოიხადონ.

გამოცემა საუბრობს საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის განცხადებებზეც.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოსტსკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას.

"რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილების ნაწილი ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვენ.

ტელეკომპანიასთან მიმდინარე აქციის გამო, "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ტელეკომპანიის წინ მიმდინარე აქცია ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული და მაუწყებლობას შეწყვეტენ, ვიდრე მათი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები