რუსთავი 2

რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა. ამ დროისთვის არხი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. 

რუსთავი 2 რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინების გამო შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მაშინ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ ძალადობას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. მან ყველა ჯგუფი მოხსნა პირდაპირი გაშუქებიდან და აღნიშნა, რომ "ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება". ნიკა გვარამიას თქმით, "ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და, ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი რუსთავი 2-ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას".

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ისე ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებას.

რუსთავი 2-თან აქცია რამდენიმე საათის წინ, "დროებით" დაიშალა. ისინი ითხოვენ, "სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს და დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები".

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". 

კომენტარები