უგულავა შესაძლო დაკავებაზე: ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისში დაბრუნდა და ამბობს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის დაკითხვაზე მივიდეს მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან.

ამის შესახებ მან 7 ივლისს თბილისში დაბრუნების დროს რუსთავი 2-თან ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

"ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ სიძულვილის მორევში რაც უფრო მეტად გადაეშვება ხელისუფლება, რაც უფრო მეტად გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება მას ეს ცხვირში. უკვე თბილისში ვარ და ნებისმიერ დროს მაგისტრ მოსამართლესთან მივალ დაკითხვაზე. თუ ისევ პოლიციაში უნდათ, პოლიციაში ჩემი პირობა იციან. მნიშვნელოვანია, რომ მივიდე, მოწმედ დავდგე, ვამხილო და სამართლებრივად დავამაგრო ის უბედურების მორევი, რაც მე ვიხილე,"- თქვა გიგი უგულავამ.

უგულავამ 5 ივლისს ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ის კოლეგებთან ერთად რამდენიმე დღით გერმანიაში მივლინებით მიემგზავრებოდა და მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე თბილისში დაბრუნების შემდეგ მივიდოდა. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს პროვოკაციების მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. შსს-მ გამოძიების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ გამოკითხვაზე დაიბარებდნენ ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს. მოგვიანებით, პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალიც წარუდგინა. ენმ-ის დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა, ასევე, გაუკეთდა ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები