რუსთავი 2

ვოლსკი რუსთავი 2-ზე: ხალხი შეაჩვიეს ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ივანიშვილის მისამართით

"ის, რაც გუშინ რუსთავი2-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე შეფასებით, ამის თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და "ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის", ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

გია ვოლსკის თქმით, რუსთავი 2-მა საზოგადოება შეაჩვია პირდაპირი ეთერიდან გინებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით - "მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა  დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს, რომელბიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში." - ამბობს გია ვოლსკი.

საუბარია იმაზე, რომ გუშინდელ პოსტსკრიპტუმში, გადაცემის წამყავნმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". ასევე გუშინ ღამე, რუსთავი 2-ის შენობასთან ხალხი შეიკრიბა გაბუნიას არხიდან წასვლის მოთხოვნით. 

კომენტარები