რუსული ოკუპაცია

პოლიცია აქცია "სირცხვილიას" ტერიტორიაზე აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევს

ტაბულა

სამართალდამცველები ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს აპარატურის ადგილზე შეტანის უფლებას არ აძლევენ, მიზეზად კი მათ უსაფრთხოებას ასახელებენ.

ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ აპარატურა, არამედ ორგანიზატორებსაც კი არ უშვებენ ტერიტორიაზე - "არა მარტო აპარატურა, ორგანიზატორებსაც არ უშვებენ, აცხადებენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას, იმ შემთხვევაში თუ აქციას აქ ჩავატარებთ. ჩვენ ველოდებით, თუ როდის მოგვცემენ საშუალებას, რომ შემოვიტანოთ აპარატურა და აქცია ჩავატაროთ. პარლამენტის წინ აქცია გაგრძელდება სანამ გახარია არ გადადგება" -  ამბობს ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ლექსო მაჭავარიანი.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. მისი თქმით, "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პარლამენტთან აქცია იგეგმება დღესაც. "სირცხვილიას" ორგანიზატორები მოუწოდებენ თავისუფალ მოქალაქეებს, 19:00-დან შეუერთდნენ პროტესტის მე-19 დღეს. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გიორგი გახარია. 

კომენტარები