რუსული ოკუპაცია

შსს: ცნება, "ეს ჩემი ადგილია", ამ შემთხვევაში არასწორია, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა უსაფრთხო დისტანცია უნდა დაიცვან.

"მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, რომ ორ სხვადასხვა შეკრებას შორის არ უნდა მოხდეს კონფრონტაცია. შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოების ზომები და უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდე აქციის 
ორგანიზატორებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ვუთხარით, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აქციაზე და ნებისმიერი პროტესტის გამოხატვის უფლება მშვიდობიანი ფორმით აქვს ნებისმიერ პიროვნებას - ორივე აქციის მონაწილეებს, იქ სადაც მათ უნდათ. მაგრამ ცნება, რომ "ეს ჩემი ადგილია", ამ შემთხვევაში არასწორია.
ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვას, იქნება ეს ერთი აქციის, თუ მეორე აქციის წევრები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ასევე მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა."- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძემ ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას მოითხოვა და განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე".

პრორუსულ და ანტისაოკუპაციო აქციებს ამ დროისთვის პოლიციის და ავტობუსების კორდონი ჰყოფს.

კომენტარები