რუსთავი 2

"დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა" - R2-თან მიმდინარე აქციაზე თენგიზ კიტოვანი მივიდა

რუსთავი 2-ის ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მივიდა, როგორც თავად ამბობს - დასაკვირვებლად.

"მაინტერესებდა, როგორი პროტესტებია. მე ვფიქრობ, დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა, ჩემი აზრი ეს არის... ყველას სჯერა, რომ თვითონ არის მართალი და სწორ გზას ადგას, მე ვფიქრობ, ყველამ უნდა მონახოს ერთი გზა და ერთად იარონ გამარჯვებისკენ, პარტიებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს" - უთხრა კიტოვანმა ტელეკომპანია იმედს.

მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეობის აღსადგენად ჩამოვიდა.

"მინდა, დავუბრუნდე ჩემს კუთხეს, ჩემს საქართველოს, ჩემს ხალხს" - ამბობს კიტოვანი.

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის წინ აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო. მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი გაბუნიასათვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერება საკმარისი არაა და P.S-ის წამყვანი გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ერთად, არხიდან უნდა წავიდეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მათი ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად არიან გაწყობილნი.

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. გარდა ამისა, გუშინ ღამე ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. ტელეკომპანიის ცნობით, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, არსებული შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც გიორგი გაბუნია ამზადებს ან მიჰყავს.

კომენტარები