მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის

0 კომენტარი

TBC-ის დამფუძნებელი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ ხაზარაძემ თავად გაავრცელა.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა. 

"თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.

სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი," - წერს ხაზარაძე. 

ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებას წინ TBC ბანკის გახმაურებული საქმე უძღოდა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები