რამზან კადიროვი

კადიროვი: საქართველოსკენ ყველა გზა უნდა დაიკეტოს, გაბუნია კი - კარგად დაიმალოს

TASS

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა "ეხო მასკვიზე" წერილი გამოაქვეყნა.

"ნაგავი და არამზადა! მხოლოდ ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია" - ასე იწყება კადიროვის წერილი.

"ის არ არის არც კავკასიის შვილი, არც მამაკაცი, არც მთიელი. კავკაციაში მამაკაცი ასეთ სიტყვებს მოსისხლე მტრის მიმართაც კი არ წარმოთქვამს."

წერილში კადიროვი გაბუნიას ლაჩარს უწოდებს და ამბობს, რომ მისი საქციელი ქართველი ხალხის სირცხვილია. ის ასევე ამბობს, რომ მომხდარის ერთი ჟურნალისტის "გამოხტომისათვის" მიწერა არასწორია:

"ყველაფერი ისე მოხდა, როგორც არხზე ჰქონდათ ჩაფიქრებული და შესაძლოა რუსთავი 2-ის კედლებს გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბუნიას ეთერიდან პირველივე წუთებში გათიშავნდენ."

კადიროვის თქმით შეურაცხყოფა მიადგა არა რუსეთის პრეზიდენტს, არამედ რუს ხალხს და ამის გამო საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა ოფიციალური და საჯარო ბოდიში უნდა მოუხადონ როგორც პუტინს, ასევე რუსეთს, ხოლო გაბუნიას წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

"ჩვენ მუდმივად ვერ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს ვერ ვამჩნევთ, რომ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან ხაზგასმით მტრულ გამოსვლებს. ამიტომ აუცილებელია ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთის მოქალაქე ქართველებს არ შეეხებათ... შეუძლებელია არხის ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა ჟურნალისტის განზრახვა. ამიტომ მომხდარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს მხრიდან კარგად დაგეგმილ საზიზღარ აქციად, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 დღის შემდეგ ყველა გზა და ბილიკი უნდა დაიკეტოს საქართველოდან და საქართველოსკენ.

მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს. გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს, თორემ პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს." წერს კადიროვი.

მსგავსი შინაარსის პოსტი კადიროვმა გუშინ საკუთარ ტელეგრამზეც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიას მიერ "პოსტსკრიპტუმის" პირდაპირი ეთერით ვლადიმერ პუტინის გინებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგი ღია პროვოკაციაა. 

"რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას განვიხილავთ, როგორც ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წინააღმდეგ. ეს ინციდენტი ცხადი მაგალითია იმისა, სადამდე მიდის უკონტროლო რუსოფობია."

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 ივნისისგან განსხვავებით საქართველოს ხელისფულებამ არ დაიწყო „რადიკალური ძალების“ გამართლება და საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს ეს ქმედება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად და სამართლიანად აფასებს "რუსთავი 2“-თან გამართულ აქციას.

"ველით ადეკვატურ რეაქციებს პროფილური საერთაშორისო და ჟურნალისტური საზოგადოებებისგან. ასეთ გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყანაში,"-ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავდროულად, რუსეთის დუმა მთავრობას სთხოვს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილებიც აკრძალოს. ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დუმის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

რამდენიმე საათით ადრე ამ წინადადებით პარტია "ერთაინი რუსეთი" გამოვიდა. მას მხარი დაუჭირა პარტიამ "სამართლიანი რუსეთი", "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია" და "ლიბერალ დემოკრატიული პარტია".

დუმა საქართველოსათვის დამატებითი სანქციების დაწესებას ხვალ განიხილავს.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები