ამ დროისთვის პარლამენტის ტერიტორიაზე არც ერთი აქციის მონაწილეები აღარ არიან. მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სცენაზე სვლა შეძლეს, ისინი საღამომდე დაიშალნენ.
რუსთაველის გამზირი დატოვეს პროპუტინურმა ძალებმაც. ორგანიზატორების ნაწილი, მაგალითად, გურამ ფალავანდიშვილი აქციების დაშლის ან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გადატანის მომხრეა. მისი თქმით, თბილისი პრაიდს ეწინააღმდეგებოდა და ოკუპაცია ან გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. რუსული პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი მხარდამჭერებს რეგიონებიდან იხმობს.
20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და აქციის დარბევის გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, თუმცა, 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.
კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას დილამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, პარლამენტთან ძალადობრივი დაჯგუფებები იყვნენ მობილიზებული. დილით პოლიციამ კორდონი დაშალა და "სირცხვილიას" მონაწილეებმა პარლამენტთან მოსვლა მოახერხეს.