აქცია პარლამენტთან

ჩუგოშვილი: გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც

ტვ პირველი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, გუშინ, 8 ივლისს, "მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც".

"გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების, ისე რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის.

მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტის წინ “ქართული მარშის” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია.

გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც", - დაწერა მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

გუშინ თბილისი პრაიდი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტიზანულად ჩატარდა. პრაიდის ფარგლებში მცირე აქციის და მსვლელობის ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დილის 9 საათზე იგეგმებოდა, თუმცა, ლევან ვასაძისგან და პრორუსული ძალებისგან მომდინარე ფიზიკური საფრთხის გამო გაუქმდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მოძალადე ჯგუფებმა მთელი დღე რუსთაველის გამზირზე გაატარეს, პრაიდის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტიზანულად შეკრებილიყვნენ.

აქცია დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ამასობაში პრორუსულ აქციაზე პრაიდის შესახებ შეიტყვეს და რუსთაველის გამზირიდან შსს-ის შენობისკენ დაიძრნენ, რის გამოც, პრაიდის მონაწილეებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს. აქ მოსულ გურამ ფალავანდიშვილს და ლევან ვასაძეს ლგბტ აქტივისტები არ დახვდნენ. თუმცა, ვასაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "პრაიდის მონაწილეებს ტერიტორიიდან გაათრევდა", ალექსანდრე ფალავანდიშვილის თქმით კი, ბანერების და დროშების წართმევას და დახევას აპირებდნენ.

ასევე, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს პოლიცია არ უშვებდა სცენასთან, არ აძლევდა აპარატურის გამოყენების საშუალებას, გამთენიისას კი დააკავეს ტაბულას მძღოლი, რომლის მანქანაშიც აქციისთვის საჭირო აპარატურა ეწყო, პრორუსული ჯგუფის წევრები კი მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას და ჰომოფობიურ, ანტიდასავლურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებდნენ.

კომენტარები