აქცია სირცხვილია

"მანქანიდან გამოშვერილი შტატივი პოლიციელს მხარზე მოხვდა" - ტაბულას მძღოლის დაკავების საბაბი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"მანქანიდან გამოშვერილი შტატივი პოლიციელს მხარზე მოხვდა" - ტაბულას მძღოლის, დავით ჭეიშვილის დაკავების მიზეზად ადვოკატებს შსს-ში ეს საბაბი უთხრეს. 

თუმცა, ამ დრომდე არ აბრუნებენ მანქანას, რომელშიც როგორც აქციის, ასევე ტაბულასი და სხვა მედიების აპარატურა აწყვია. 

"ფაქტი ეხება იმას, რომ მანქანიდან შტატივი იყო გამოშვერილი, რომელიც პოლიციის თანამშრომელს შეეხო მხარზე და ამის შედეგად მას ჯანმრთელობა დაუზიანდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო დავით ჭეიშვილი გამოკითხვაზე მიყვანილი. მან განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან ეს მას არ დაუნახავს", - უთხრა ტაბულას ადვოატმა, თამარ პატეიშვილმა. 

ჭეიშვილის დაკავების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტაბულას უთხრეს, რომ აპარატურის მანქანაში ქონა უკანონოა და სწორედ ამიტომ დააკავეს ჭეიშვილი. 

შსს-მ კი ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ ტაბულას მძღოლი რუსთაველის გამზირზე ავარიაში მოჰყვა, დაშავებულია მესამე პირი და სწორედ ამ საქმეზე ის გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი, თუმცა, შსს რამდენიმე საათის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, პოლიციის რომელ სამმართველოში იმყოფებოდა ჭეიშვილი.  

დილითვე უწყებამ პირველ არხს უთხრა, რომ ტაბულას მძღოლი პოლიციელს დაეჯახა. 

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც ადგილსამყოფელი დადგინდა, ჭეიშვილის სანახავად, ძველი თბილისის მე-7 განყოფილებაში 12:30-ზე გამოცხადდა. თავდაპირველად პოლიცია ეუბნებოდა, რომ ჭეიშვილი ამ განყოფილებაში არ იყო, თუმცა, პოლიციის უფროსთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ მძღოლი ნამდვილად ამ განყოფილებაში იმყოფებოდა. პატეიშვილმა მის გამოკითხვაზე დასწრება შეძლო. 

ტაბულას მძღოლი, რომლის მანქანაშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო, პოლიციამ გამთენიისას გაიტაცა. რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილმდებარეობა როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის. ჭეიშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას.

8 ივლისს სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, პარლამენტის სცენასთან აპარატურა აეწყოთ, პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში პრორუსული ძალების აქცია იმართებოდა და თბილისის მთავარ გამზირზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ისმოდა. 

აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები რუსთაველზე შეკრებლ სწორედ ტაბულას კუთვნილ პიკაპზე მოწყობილი სახელდახელო სცენიდან მიმართავდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუაცავიის წესის დარღვეას გულისხმობს. (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ)

ჭეიშვილი ჟურნალისტებსაც ემსახურება და მისი დაკავებით და აპარატურის გატაცებით ტაბულას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები