რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტი: მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ" - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "გარკვეული ძალები" საქართველოს დესკრედიტაციას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობენ. პრეზიდენტმა რუსეთის ხელმძღვანელობასაც მოუწოდა, "ესკალაციას არ აჰყვეს". 

"მე, როგორც პრეზიდენტი, როგორც ადამიანების უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან. ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება. ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე, არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ქვეყნის სტაბილურობას, ე.ი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალურ და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს - პატრიოტიზმი ქვეყანის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის.

მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა.

მოვუწოდებ იმ ძალებს, რომელსაც ასევე პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ, ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს. ყველას მოგიწოდებთ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.

ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგიბისკენ, ცოტა ხის წინ შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა, ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს.

ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ, მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით რადიკალური ძალების მიერ წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მივმართავ რუსეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს  - მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლება ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება.

და ბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს, ეს ასე გაგრძელდება" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

20 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი დაიწყო. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქცია გაუფრთხილებლად, ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლებამ გამოძიება ამბოხის მუხლით დაიწყო და მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს, ასევე, დააკავეს ოთხი ადამიანი.

ამის შემდეგ, უკვე 20 დღეა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.

სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის გამო დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციები არ მოსწონს რუსეთის ხელმძღვანელობას და საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, "რადიკალური ძალების" მიერ ორგანიზებულს უწოდებს. ვლადიმირ პუტინი ქვეყანას რუსოფობიაში ადანაშაულებს და "უსაფრთხოების მიზნით", რუსეთიდან ფრენები გააუქმა, ასევე, რუსეთში დაბლოკეს რამდენიმე ქართული ღვინის კომპანია.

ორი დღის წინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პუტინს რუსულად აგინა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, ქართული ოცნების დეპუტატებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა დაუყოვნებლივ დაგმეს. ასევე, მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა რუსთავი 2-თან, სადაც გაბუნიას და გვარამიას "გადადგომა" მოითხოვეს. აქციაც და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიც მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ. 

ამასთან, რუსეთის დუმას ქვედა პალატის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, დუმაში მსჯელობენ, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ექსტრადაცია რუსეთში უნდა მოხდეს, სადაც რუსული სასამართლო გამოუტანს განაჩენს.​ ხოლო დუმას კომიტეტმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას და იმპორტის შეზღუდვას დაუჭირა მხარი.

კომენტარები