ტაბულას მძღოლის გატაცება

ტაბულას პიკაპი, სადაც აპარატურა ეწყო, მძღოლს ხელწერილის საფუძველზე დაუბრუნეს

ტაბულა

ტაბულას პიკაპი მძღოლს, დავით ჭეიშვილს, ხელწერილის საფუძველზე დაუბრუნეს. 

ტაბულას მძღოლი, რომლის მანქანაშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო, პოლიციამ გამთენიისას გაიტაცა. რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილმდებარეობა როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის. ჭეიშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას.

8 ივლისს სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, პარლამენტის სცენასთან აპარატურა აეწყოთ, პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში პრორუსული ძალების აქცია იმართებოდა და თბილისის მთავარ გამზირზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ისმოდა. 

აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები რუსთაველზე შეკრებლ სწორედ ტაბულას კუთვნილ პიკაპზე მოწყობილი სახელდახელო სცენიდან მიმართავდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭეიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების საბაბი ის იყო, რომ პიკაპის საბარგულიდან გადმოშვერილი შტატივი პოლიციელს მხარზე მოხვდა. შსს ამტკიცებდა, რომ პოლიციელი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტაბულამ ვერ მიიღო პასუხი, თუ რომელ საავადმყოფოში იმყოფებოდა პოლიციელი. მოგვიანებით, უწყებამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ პოლიციელი მკურნალობას სახლში გააგრძელებდა. 

ჭეიშვილი დღის 2 საათზე მთაწმინდის სამმართველოდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. აღსანიშნავია, რომ შსს მის ადგილმდებარეობას რამდენიმე საათის განმავლობაში მალავდა და, შესაბამისად, მასთან ადვოკატის შეყვანა ვერ ხერხდებოდა. 

ჭეიშვილი ჟურნალისტებსაც ემსახურება და მისი დაკავებით და აპარატურის გატაცებით ტაბულას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა.

კომენტარები