რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ზალკალიანი: პუტინმა ცალსახად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ მივესალმებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ეს ცალსახად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა" - ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინის ნათქვამს მიესალმება.

"ბუნებრივია, ჩვენ ძალიან გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომლებმაც გამოიწვია შემდგომ სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია, იყო კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე მკაფიო შეფასებები გააკეთა.

ბუნებრივია, ამას მოჰყვა შემდგომ გართულება, თუნდაც რუსეთის დუმის მიერ გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ის, რაც მე თქვენგან მოვისმინე, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს ცალსახად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და შეიძლება, მხოლოდ მიესალმო ამას. იმ უპასუხისმგებლო, პროვიკაციულ განცხადებებს მოჰყვა სიტუაციის გამწვავება და მისი მიზანი იყო სწორედ სიტუაციის დესტაბილიზაცია, ესკალაცია და იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გავითარებას, ბუნებრივია, ეს ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი ეთერიდან მოვისიმინე, იყო ცალსახად სწორი გადაწყვეტილება და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება, მივესალმოთ ამას" - თქვა ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ არ არის საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა 8 ივლისს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"რაც შეეხება რაღაც ტიპის სანქციების დაკისრებას საქართველოსთან მიმართებით, მე ამას არ გავაკეთებდი სწორედაც რომ ქართველი ერის მიმართ პატივისცემის გამო,"- თქვა პუტინმა. 

მმართველმა პარტიამ "ედინაია რასიამ“ საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხი დააყენა. ვიცესპიკერ სერგეი ნევეროვის განმარტებით, ზომების მიღება საქართველოში მიმდინარე "არამეგობრული ქმედებების" გამო გახდა საჭირო.

კომენტარები