საქართველოს ისტორია

რა მოიტყუა პუტინმა საქართველოს ისტორიაზე - ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის განმარტება

ვლადიმირ პუტინი

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიის ვლადიმერ პუტინისეულ ვერსიას გამოეხმაურა. 

"ერთ პატარა კომენტარში მან მოახერხა ცარისტული, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიის, მეცნიერულად არასერიოზული, მაგრამ პროპაგანდისტული ნაწილის ერთად გადმოცემა. ისტორიოგრაფიის ეს ნაწილი არასერიოზულია იმდენად რამდენადაც ფაქტებს საერთოდ ცვლის ან ამახინჯებს, მაგრამ ამავდროულად საშიშია, რადგანაც იარაღს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ხელში" - წერს ისტორიკოსი. 

რა თქვა პუტინმა?

"ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. მთლიანად შევიდა, სამხრეთიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1810 წელს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთიც შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც ვასალი. მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა. მაშინ არანაირი საქართველო არ არსებობდა, იყო თბილისის გუბერნია.

აფხაზეთთან დაკავშირებით მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა - როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია დაინგრა, საქართველოს აფხაზეთის შთანთქმის მცდელობა ჰქონდა. ყალიბდებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანელი მეომრების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. კიდევ უფრო სასტიკად იქცეოდნენ ისინი ოსეთში 1919-20 წლებში. ეს ზუსტად ის არის, რაც დღეს გენოციდად იწოდება. კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი კარგად ეცოდინება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებს. არასდროს არ შეიძლება ამის დავიწყება, თუკი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აფხაზ ან სამხრეთ ოს ხალხთან ურთიერთობის დალაგება სურს.

საბჭოთა კავშირის დროს კი, სხვათა შორის, თავიდან აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომელშიც საქართველო შედიოდა. ეს საქართველოც კი არ იყო. ნუ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის პერიოდში შეიქმნა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი. ჩვენი ე.წ სამართალდამცველები არასდროს არ ამახვილებენ ყურადღებას ამაზე. ეს უცნაურიც კია, მაგრამ სტალინის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, რომელსაც ბერია ხელმძღვანელობდა, ძალიან სასტიკი ძალები გამოიყენეს აფხაზების წინააღმდეგ. ძალიან სასტიკი. მათი მიზანი იყო, რომ საქართველოს შთაენთქა ეს ტერიტორია და აფხაზი ერი. აი, ეს მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც არამხოლოდ არ გაითვალისწინა თანამედროვე საქართველოს ერთერთმა პირველმა პრეზიდენტმა, არამედ უგულებელყო კიდეც ეს, როდესაც საერთოდ გააუქმა ყველანაირი ავტონომია - აჭარისაც, აფხაზეთისაც. ამ ყველაფერმა აფეთქებამდე და ძმისმკვლელ ომამდე მიიყვანა საქმე.

მე თავის დროზე სააკაშვილს ყოველთვის ვეუბნებოდი, მიხაილ ნიკოლაიევიჩ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი საომარი მოქმედებები აფხაზეთთან მიმართებით ან სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი. კი, კი, არ ვიზამთო და რა გააკეთეს? ომით შევიდნენ იქ. შედეგი? ეს შედეგი დღეს ცნობილია. რუსეთი, უბრალოდ, იძულებული იყო ეცნო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა მათი ხალხი.

რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ეს ანტირუსული განწყობები საქართველოში იმ ადამიანების მიერ ღვივდება, რომლებმაც ან არაფერი არ იციან, ან იციან, მაგრამ უგულებელყოფენ. და საბოლოო ჯამში ამით გამოუსწრებელ ზიანს აყენებენ თავად საქართველოს და ქართველ ხალხს".

რა მოიტყუა და დაამახინჯა პუტინმა - ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის განმარტება

"1. სამხრეთ ოსეთი 1774 წელს შევიდა რუსეთის შემადგნელობაშიო. სამხრეთ ოსეთი ამ დროს, უბრალოდ, არ არსებობდა და რასაც ახლა სამხრეთ ოსეთს ეძახიან ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო. ეს ტერიტორია კი რუსეთის მიერ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შევიდა იმპერიის შემადგენლობაში.

2.აფხაზეთის სამთავრო მართლაც 1810 წელს შეუერთდა რუსეთს, უფრო სწორად ფორმალური ვასალი გახდა. მანამდე კი მე-15 საუკუნეში საქართველოს დაშლის შემდეგ სამთავრო ჯერ იმერეთის სამეფოს დაქვემდებარებაში იყო მცირე ხანს, ხოლო შემდეგ კი ოსმალეთის ვასალი იყო, მაგრამ არ არის სიმართლე თითქოს 1918 წელს დავიპყარით აფხაზეთი, მით უმეტეს გერმანელთა დახმარებით. სინამდვილეში საქართველოს და აფხაზეთის გაერთიანება მოხდა 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აფხაზთა სახალხო საბჭოს ხელშეკრულებით. სწორედ აფხაზეთის სახალხო საბჭოს თხოვნით იდგა ქართული ჯარი მანამდეც და მერეც აფხაზეთში, რომელიც ჯერ ბოლშევიკებს ხოლო შემდეგ კი დენიკინს ებრძოდა. აფხაზეთში ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები, 1920 წლის 7 მაისს თავად რუსეთმაც აღიარა აფხაზეთი საქართველოს ნაწილად, ეს ყველაფერი დაფიქსირდა 1921 წლის კონსტიტუციაში და აფხაზეთს ავტონომია მიეცა. 

3. 1918-1920 წლებში ოსეთში ქართველებმა ფაქტობრივად გენოციდი მოაწყვესო. რა ხდებოდა სინამდვილეში? ბოლშევიკური აჯანყება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ ჩაბმულნი, დადასტურებულია მათი კოორდინაცია საბჭოთა რუსეთთან. სახელმწიფომ რამდენჯერმე ჩაახშო ეს აჯანყება, ბოლოს ცოტა მკაცრად, მაგრამ ეს სიმკაცრე იმის ერთ პროცენტს არ წარმოადგენდა, როგორც ახშობდნენ აჯანყებებს და სხვადასხვა ტიპის გამოსვლებს თავად ბოლშევიკები რუსეთში.

4. 1921 წელს შექმნილ აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკას რაც შეეხება, ეს იყო საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ერთეული, რომელიც მოსკოვმა როგორც გამოყო ცალკე 1921 წელს (მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა, ბევრ საკითხში მაინც თბილისს ექვემდებარებოდა). ისევე გააუქმა 1936 წელს.

რაც შეეხება 30-იანი წლების პერიოდის რეპრესიებს აფხაზეთში, ამას ისევ საბჭოთა სახელმწიფო ახორციელებდა და ვერ ვიტყვით, რომ ან აფხაზს ინდობდა და ან ქართველს. სამაგიეროდ, პუტინი არაფერს ამბობს მე-19 საუკუნის მუჰაჯირობის იძულებით ტალღებზე, რომელმაც გაანახევრა აფხაზების რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. 

90-იანი წლების და 2008 წლის ამბებს აღარ გავაგრძელებ, ყველაფერმა ჩვენ თვალწინ ჩაიარა და ისტორიის დიდ ცოდნას არ საჭიროებს მისი გაანალიზება". 

კომენტარები