უგულავა 20 ივნისის გამოძიებაზე: ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ

რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა. 

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ მან თქვა, გამოძიებამ "თვითონაც არ იცის, რას აკეთებს". 

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია და ვიცით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასევე შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ იძიებენ რაღაც მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების 225-ე მუხლზე იყო პირველი კითხვა. მე როდესაც დავაზუსტე, რომ ეს სხვა საქმე იყო და ის სხვა, მითხრეს, რომ ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული.

ეს შეიძლება პროცედურული ხრიკებია და ადამიანებს არ აინტერესებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნურად არის ეს საქმე დაჩეხილი იმისთვის, რომ რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭიდონ და რაღაც გამოუვიდეთ, თუ ერთი მიმართულებით არ გამოუვათ, მეორე მიმართულებით. ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ. ფაქტია, რომ ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ რაღაცნაირად მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად.

სანამ საქართველოს სახელმწიფოს სახელით პროკურატურა და ხელისუფლება არ გასცემს კითხვაზე პასუხს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, სხვა დანარჩენ ადამიანებს, ვინ მოტეხა ხელი თამარ ბაღაშვილს, ვინ გამოიყენა და რატომ გამოიყენეს დათვის ტყვიები, ყველა სხვა დანარჩენი შეკითხვა არის ისრების გადატანის მცდელობა, გაყალბების მცდელობა და საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა", - თქვა უგულავამ. 

უგულავას ადვოკატის, ალექსანდრე მგელაძის თქმით, უგულავასთვის გადატრიალების მცდელობაზე კითხვები არ დაუსვამთ და დაკითხვა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლთან დაკავშირებით მიმდინარეობდა (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა)

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყეს. 

მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა საქმის ძიებას ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მუხლით აგრძელებს. 

გიგი უგულავამ პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვა და ჩვენების მიცემას მხოლოდ სასამართლოში დათანხმდა. 

კომენტარები