საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზალკალიანი: ვინ არ მიესალმება სანქციებზე პუტინის გადაწყვეტილებას?

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მედიასთან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გადაწყვეტილებაზე, არ დაუწესოს საქართველოს სანქციები, დამატებითი კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება. 

ზალკალიანი ამ კომენტარის გამო ოპოზიციამ გააკრიტიკა, რადგან მან პრაქტიკულად უგულებელყო პუტინი განცხადების მეორე ნაწილი, რომელიც საქართველოს ისტორიის დამახინჯება იყო. 

"თქვენ არ მიესალმებით ამ გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება? იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ქვეყანა აღმოჩნდა... იმ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთა და მათმა მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა. ქვეყანა შესაძლოა მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე,"- თქვა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან ახლოს იყო იმ გადაწყვეტილებასთან, რომ რუსეთს ჩვენთვის ემბარგო დაეწესებინა.

"ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ საერთოდ როგორც ფრენები აიკრძალა, ისე შემოღებული ყოფილიყო ემბარგო და ა.შ. რა მოგვიტანა ამან 2006 წელს კარგად ვნახეთ. გვინდოდა, რომ როგორც მაშინ ქართველები ისევ გამოეყარათ? ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს, რომ იქ ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე მოსვლოდა. ვინ აგებდა?" - ამბობს ზალკალიანი. 

საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხი კრემლში მას შემდეგ დადგა, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პუტინს საკუთარ საავტორო გადაცემაში პირდაპირ ეთერში აგინა.

გაბუნიას მონოლოგს ერთი საათის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეები და "ქართული ოცნების" დეპუტატები გაემიჯნენ. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო არამხოლოდ გაემიჯნა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაეგმოთ გაბუნიას განცხადება. ცხადია, საგარეო უწყებას არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია. 

მოგვიანებით რუსეთის დუმამ მთავრობას მიმართა წინადადებით, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა, რაზეც პუტინმა თქვა, რომ "საჭირო არ არის" და იქვე მოაყოლა საქართველოს ისტორიის თავისი ვერსია. 

კომენტარები