რეკლამა

® მედიაკონკურსი ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციისთვის

0 კომენტარი

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი GAEN წელს უკვე მეხუთედ ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რომელმაც ზრდასრულთა განათლების თემაზე პრესასა და ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი და საუკეთესო ტელე-რადიო სიუჟეტი უნდა გამოავლინოს. კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ტრადიციად იქცა - ყოველწლიურად ერთი ან ორი საუკეთესო ნაშრომი და ავტორი ვლინდება და ჯილდოვდება ფულადი პრიზით. გასულ წელს კონკურსს სხვა ნომინაციებიც დაემატა და ასევე გამოვლინდა ზრდასრულთა განათლებაში მოღვაწე საუკეთესო სათემო განათლების ცენტრი.

ეს ყველაფერი ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციისთვის ხდება, განათლებისა, რომლის არსი და მნიშვნელობა საზოგადოებამ თითქოს იცის და მაინც კარგად არ ესმის - მიუხედავად იმისა, რომ, აი, უკვე ოცი წელია არაფორმალური განათლების ამ სფეროში დაუღალავად იღწვიან საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ადგილობრივი პროვაიდერები. სანამ მათ უშუალო მოღვაწეობაზე რამეს ვიტყოდეთ, უბრალოდ და მარტივად ავხსნით, აი, რას:

ის, რომ დღეს ქვეყანაში ადამიანებს დასაქმება უჭირთ; რომ აღარაფერში ადგებათ ათეული წლების წინ მიღებული დიპლომები; ან საერთოდ არა აქვთ ეს დიპლომი და არც რაიმე პროფესია თუ ხელობა; არ იციან, სად დასაქმდნენ და როგორ მოიპოვონ საკუთარი საარსებო და სამუშაო ადგილი შრომით ბაზარზე;

ხოლო, მეორე მხრივ - ის, რომ დამსაქმებლები სანთლით ეძებენ და ვერ პოულობენ კვალიფიციურ კადრებს თავიანთი ბიზნესისთვის; რომ ამ საყოველთაო უმუშევრობის პირობებში ვერ იპოვით, მაგალითად, კარგ მცხობელს საცხობში დასასაქმებლად, კარგ სტილისტს - სალონისთვის, კარგ მკერავს ან კარგ ხელოსანს ნებისმიერ ყოფით სფეროში - ეს სწორედ ზრდასრულთა განათლების თემაა და სათანადო ყურადღებისა და რეალური მხარდაჭერის პირობებში, ასეთი პრობლემები არც ბიზნესს ექნება და არც ხალხს.

დღეს, როცა ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის (ხშირად კი ტრეფიკინგის მსხვერპლიც ხდება), ხოლო დანარჩენი ნაწილი საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად უიმედოდ იბრძვის, სახელმწიფოს პირველი საზრუნავი სწორედ რომ შრომით ბაზარზე მოთხოვნადი ხელობების ათვისების ხელმისაწვდომობა და კარგი სპეციალისტების, პროფესიონალი ხელოსნების, საქმის ოსტატების აღზრდაა. პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში 2018 წლის ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტში შექმნილი ზრდასრულთა განათლების სამმართველო, იმედია, ამ საქმეში უდავოდ დიდ როლს შეასრულებს და მედიის მხარდაჭერაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი. იმ სიკეთეებით ადამიანთა დაინტერესება, რაც არაფორმალურ განათლებას მოაქვს, საგრძნობლად გაზრდის ზრდასრულთა განათლების ცნობადობასა და პოპულარობას საზოგადოებაში. ამ სიკეთეების მაგალითი კი ძალიან ბევრია, უამრავი კარგი ისტორია დაგროვდა გასული წლების მანძილზე ქართულ ზრდასრულთა განათლებაში ისეთი, როცა სრულიად უიმედოდ დარჩენილი და თითქმის ხელმოცარული ადამიანები სათემო განათლების ცენტრებში შესწავლილი ხელობით დასაქმებულან, პიროვნულად და პროფესიულად განვითარებულან, უფრო მეტიც - საკუთარი  ბიზნესი წამოუწყიათ და სხვებიც დაუსაქმებიათ.

ეს ისტორიები ნაკლებად იცის ხალხმა, საზოგადოება არ იცნობს ზრდასრულთა განათლებით ფეხზე დამდგარ და გაძლიერებულ ადამიანებს (თუნდაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა ისტორიები რად ღირს), მედიას კი შეუძლია და უნდა მოინდომოს, რომ ეს მაგალითები საზოგადოებას გააცნოს და გზა უჩვენოს...

ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრები უკვე ოცი წელია იქმნება საქართველოში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV international საქართველოს ოფისის ძალისხმევით. ამჟამად ქვეყნის შვიდ რეგიონში სათემო განათლების 11 ცენტრი ფუნქციონირებს და თითოეულ ცენტრში ათობით სხვადასხვა ხელობის შესწავლას, ძირითადად, უსასყიდლოდ  სთავაზობენ ადგილობრივ მოსახლეობას. მათი დაინტერესება იმდენად დიდია, რომ DVV-ს განზრახული აქვს ქვეყნის ყველა რეგიონში გახსნას ასეთი ცენტრები. ისინი განათლებისა და პროგრესის ნამდვილი კერებია ადგილებზე, საგანმანათლებლო რესურსებით არც ისე განებივრებულ ჩვენს რეგიონებში  და ადგილობრივი მოსახლეობის თავშეყრისა და ურთიერთობის საყვარელი ადგილი. მომდევნო პუბლიკაციებში ჩვენ შევეცდებით მათ შესახებ უფრო ვრცლად მოგითხროთ და ის ადამიანებიც გაგაცნოთ, ვინც ამ ცენტრებში გაიკვალა გზა. 

მაგრამ, მოდით, ისევ მედიაკონკურსს და მის მნიშვნელობას დავუბრუნდეთ, რომელიც, როგორც ვთქვით, უკვე მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი კონკურსი აპრილში გამოცხადდა და მისი ორგანიზატორი საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი ნოემბრამდე ელოდება ჟურნალისტთა ნამუშევრებს, რომლებიც ამ დროისათვის გამოქვეყნებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ნამუშევრებს ზრდასრულთა განათლებაში მოღვაწე ექსპერტებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, ხოლო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას - მოქმედ და დამწყებ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, ბლოგერებს - ვინც ამ თემით დაინტერესდება და სურვილი და შესაძლებლობა აქვს, ფართო საზოგადოებასაც მოუთხროს მის შესახებ. ქვეყანაში არსებული ზრდასრულთა განათლების გამოცდილება თემის გასაშუქებლად უამრავ საინტერესო მაგალითს იძლევა, პრობლემატურად დაგანახებთ მის სასიცოცხლო მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის და საკუთარ ხედვებსაც გაგიჩენთ. სწავლების ეს არასტანდარტული და ცოცხალი მეთოდი, რომელსაც "კეთებით სწავლებას“ უწოდებენ განათლებაში, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას სთავაზობს ადამიანებს (ასაკი შეუზღუდავია) და ერთობ აღიარებული და მოთხოვნადია ევროპაში.

მას უდიდესი ისტორია და მიღწევები აქვს გერმანიაში, სადაც იგი სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი, რადგან სწორედ ზრდასრულთა განათლებამ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებულმა სახალხო უნივერსიტეტებმა შეასრულა უდიდესი როლი ომისგან განადგურებული ქვეყნის აღდგენაში, აღორძინებაში. არაფორმალური განათლების ეს მოდელი, დღეს კიდევ უფრო დახვეწილი და სრულყოფილი, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ქართულ ზრდასრულთა განათლებასაც სწორედ გერმანული მოდელი უდევს საფუძვლად, რომელიც ქართულ რეალობაზე და პრიორიტეტებზეა მორგებული, ადაპტირებული. ასე, რომ სათქმელი და წარმოსაჩენი მართლაც ბევრია და, რაც მთავარია, სასარგებლო და სასიკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის, სადაც უამრავი (უმუშევარი) დიპლომიანი გვყავს, მაგრამ კარგი ხელოსანი - სანთლით საძებარი...

პ.ს. დაინტერესებულ ჟურნალისტებს, ზრდასრულთა განათლების მედიაკონკურსში მონაწილეობის მსურველებს კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქ ვთავაზობთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები