დონალდ ტრამპი

ტრამპმა აშშ-ში ბრიტანეთის ელჩს სულელი უწოდა, ხოლო ტერეზა მეი ბრექსითის გამო გააკრიტიკა

დონალდ ტრამპი, ტერეზა მეი, ჯერემი ჰანტი
BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩს "ძალიან სულელი პიროვნება" უწოდა, ხოლო პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ბრექსითის გამო გააკრიტიკა. ტრამპის თქმით მეიმ მის რჩევას ყურადღება არ მიაქცია და მისი "სულელური გზა" გააგრძელა.

"ბრიტანეთის ექსცენტრიული ელჩი, ძალიან სულელი პიროვნება, არ არის ის, ვისთანაც მუშაობა მიხარია. მან საკუთარ ქვეყანას, პრემიერმინისტრ მეის უნდა ესაუბროს ბრექსითის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და არ უნდა იყოს აღშფოთებული ჩემი კრიტიკით იმის თაობაზე, თუ რა ცუდად გაუმკლავდნენ ამას. მე ტერეზა მეის ვუთხარი როგორ მოეგვარებინა ეს, მაგრამ მან თავისი სულელური გზა გააგრძელა და ვერ დაასრულა. კატასტროფა! მე არ ვიცნობ ელჩს, მაგრამ მეუბნებიან, რომ პომპეზური მასხარაა. უთხარით მას, რომ აშშ-ს ახლა აქვს საუკეთესო ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები მსოფლიოში და ეს მხოლოდ იზრდება და მტკიცდება. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!" დაწერა ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრის პოსტზე მეის შემცვლელად წამოყენებულმა კანდიდატმა ჯერემი ჰანტმა თქვა, რომ ტრამპის კომენტარები უპატივცემულობას გამოხატავს მეისა და დიდი ბრიტანეთის მიმართ.

"მეგობრები პირდაპირ საუბრობენ, ამიტომ მეც ასე მოვიქცევი: ეს კომენტარები არასწორია და უპატივცემულობაა ჩვენი პრემიერმინისტრის და ჩემი ქვეყნის მიმართ. თქვენი დიპლომატები პირად მოსაზრებებს აცნობენ პომპეოს და ასე იქცევიან ჩვენებიც." დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

ტრამპის კომენტარები აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის, სერ კიმ დაროქის იმეილების გავრცელებას მოჰყვა, რომლებშიც მან ტრამპის ადმინისტრაციას "მოუქნელი", "უუნარო" და "გამორჩეულად დისფუნქციური" უწოდა. მოპარული იმეილები კვირას გავრცელდა.

ამის შემდეგ ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის, ლაიამ ფოქსის შეხვედრა აშშ-ის ვაჭრობით მდივანთან, უილბურ როსთან, რომელიც სამშაბათს იყო ჩანიშნული, გადაიდო.

ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ამბობდნენ, რომ აშშ-ში ბრიტანეთის ელჩი პოსტზე ვადის ამოწურვამდე, მიმდინარე წლის დეკემბრამდე დარჩებოდა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია მისი გადადგომის თაობაზე.

კომენტარები