ბაქრაძე პუტინზე: საშიში პოლიტიკური გზავნილია, რომლითაც ის ოკუპაციის გამართლებას ცდილობს

"პუტინი ცდილობს ისტორიის დამახინჯებით და გაყალბებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს თითქოს ქართველები არიან აგრესორები," - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უაღრესად საშიშს უწოდებს და ხელისფულებას მოუწოდებს მას შესაბამისი პასუხი გასცენ. 

ბაქრაძის თქმით, პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორიასთან, წარსულთან და ეროვნულ ღირსებასთან ბრძოლა, ეს არის უაღრესად საშიში პოლიტიკური მეთოდი და გზავნილი, რომლითაც პუტინი ცდილობს გაამართლოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

"პუტინი ცდილობს ისტორიის დამახინჯებით და გაყალბებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს თითქოს ქართველები არიან აგრესორები, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს არ ყოფილა საქართველო და რუსეთი არის მხოლოდ მშვიდობისმყოფელი, რომელმაც დაიცვა მცირე ხალხების უფლებები. ეს არის ტყუილი და ეს არის უაღრესად საშიში და მავნებლური განცხადება, მათ შორის პოლიტიკური განცხადება, რომელიც პირდაპირ ებრძვის საქართველოს ინტერესებს. ამიტომ სრულიად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული იყოს მკაფიო და ნათელი პოზიცია, ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ამასთანავე ეს პოზიცია არ უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი და ლამაზი ევროპულ-ისტორიული სიტყვებით, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრემიერმა. დიას, საქართველოს ისტორია არის ევროპის ისტორიის ნაწილი, მაგრამ ჩვენ არ ვედავებით პუტინს ისტორიულ დავაში, დღეს პუტინი იყენებს ისტორიას გენოციდის, ეთნიკური წმენდის და ოკუპაციის გასამართლებლად. ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს პირველ რიგში პოლიტიკური, რომ რუსეთი არის ოკუპანტი აგრესორი და ვერანაირი ისტორიის გაყალბება რუსეთს ვერ უშველის საკუთარი აგრესიის და ოკუპაციის გასამართლებლად. ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ამიტომ მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პრემიერსაც ზოგადი და არაფრისმთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად კონკრეტული პასუხი გასცენ პრეზიდენტს პუტინის პრეტენზიას, რომელიც უაღრესად საშიშ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ის ისტორიის გაყალბებით ცდილობს აწმყოს გამართლებას და ჩვენი მომავლის დანგრევას და ამის საშუალება მას უპასუხოდ არ უნდა მივცეთ," - ამბობს ბაქრაძე.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველომ გერმანიის დახმარებით 1918 წელს "აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა" და შემდეგ იქ "აფხაზი ხალხის გენოციდი" მოაწყო. 

პუტინის მიერ ისტორიის გაყალბების მცდელობაზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, პრემიერმინისტმა მამუკა ბახტაძემ კი თქვა,რომ "საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები არაერთხელ გვსმენია და ეს ახალი არ არის. 

კომენტარები