ირანი

როუჰანი ბრიტანეთს გიბრალტარში ირანული ნავთობტანკერის დაკავების გამო ემუქრება

Reuters

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ გიბრალტარში ირანული ტანკერის დაკავებისათვის ბრიტანეთი საკადრის პასუხს მიიღებს.

"თქვენ ხართ დაუცველობის ინიციატორები და შედეგებს გვიან მიხვდებით. თქვენ ისეთი უიმედოები ხართ, რეგიონში თქვენს ტანკერებს ესკორტს აყოლებთ, იმიტომ, რომ გეშინიათ. მაშინ რატომ იქცევით ასე? სანაცვლოდ, უნდა უზრუნველყოფდეთ, რომ გადაადგილება უსაფრთხო იყოს." მიმართა როუჰანიმ ბრიტანეთს.

ირანი დაკავებული ნავთობტანკერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ტანკერი გიბრალტარის და ბრიტანეთის ფლოტმა სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო გასულ კვირას დააკავა. გიბრალტარის მთავრობის ინფორმაციით ტანკერი ბანიასის გადამამუშავებელი ქარხნისაკენ მიერმართებოდა, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები 2014 წელს დაუწესა.

"თქვენ [ევროპელებს] ირანი არ უნდა გადარდებდეთ, ამერიკაზე უნდა იდარდოთ, რომელიც არღვევს პირობებს და ძირს უთხრის საერთაშორისო ვალდებულებებს." თქვა როუჰანიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

გეგმის მიხედვით აშშ-ის ხომალდები დაზვერვას და მისიების მონიტორინგს განახორციელებენ, ხოლო მოკავშირე ქვეყნების გემები პატრულირებას და სავაჭრო ხომალდების ეკორტირებას. გენერალ დანფორდის თქმით მასშტაბები მოკავშირე ქვეყნების რაოდენობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ და ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანულმა მხარემაც განაცხადა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებენ და ურანის გამდიდრებას აგრძელებენ.

მიმდინარე წლის მაისში კი ტრამპმა ირანს სანქციები გაუმკაცრა და სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენები გაგზავნა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო დრონი ჩამოაგდო. მათი თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა და თავდასხმების შემდეგ ტანკერებს აკვირდებოდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე სარაკეტო იერიშს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და სანაცვლოდ კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

კომენტარები