კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო "რგდ"-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული"- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები