შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეებს თავს დაესხნენ. ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბესო ქათამაძე ამბობს, რომ 50-მდე ადამიანი ტერიტორიაზე ორგანიზებულად ორი მიკროავტობუსითა და ორი კერძო ავტომანქანით მივიდა. მისივე ინფორმაციით, მათ მოშიმშილეებზე ფიზიკურად იძალადეს, დაუშალეს კარავი, წაართვეს ტელეფონები და საქართველოს დროშა გადათელეს.
ოზურგეთის საკრებულოს წევრი ასევე ამბობს, რომ თავდამსხმელები მოშიმშილეებს აგინებდნენ, ეძახდნენ "ნაციონალებს" და წაიღეს მათი ბანერებიც. ბესო ქათამაძე აღნიშნავს, რომ ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ ჰქონია.
ქათამაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაშლილი კარავი და მოშიმშილეები, რომლებიც მომხდარის შესახებ ყვებიან.
ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ამბობენ, რომ მოშიმშილეებთან ადგილობრივი მოსახლეობა, 10-15 ქალი და კაცი მივიდა და მოითხოვა დატოვონ ტერიტორია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. მოშიმშილეებზე თავდასხმისა და ფიზიკური ზიანის შესახებ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ პოლიცია ჩაერია, მოსახლეობა განარიდა და ახლა ადგილზე ვითარება სტაბილურია. შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ პოლიცია ტერიტორიაზე რჩება და იცავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას.