შსს

ექსპერტი: დიდი ზომის რეზინის ტყვიები გახარიამ პანკისის გამოცდილების გამო გამოიყენა

შსს

სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს, რომელიც 20 ივნისის ღამეს ეხებოდა.

სალუქვაძე ამბობს, რომ უწყებამ აქციის დასარბევად დიდი ზომის რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება, მათ შორის, პანკისის მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო, როცა "პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა". 

"მან თქვა, რომ [დიდი ზომის ტყვიების გამოყენებისას] იმოქმედა, გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა. ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. თქვა, რომ შესაძლოა, ესეც ყოფილიყო ერთერთი მიზეზი, რომ ეს ტყვიები გამოიყენეს, რადგან შავმა ტყვიებმა ვერ იქონია ეფექტი.

მინისტრმა ისაუბრა შიდა რეგულაციებზეც და აღნიშნა, რომ ტყვიებზე ქარხნულად დაწესებულია ნორმა არანაკლებ 10 მეტრისა, ხოლო შიდა რეგულაციებით, სპეცრაზმელებს არ აქვთ ამ ტყვიების გამოყენების უფლება 20 მეტრზე ნაკლები სიშორიდან. შეცდომები არის ამ ტყვიების გამოყენების წესების ნაწილში და არა სახეობებში,"- ამბობს სალუქვაძე "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

სალუქვაძისვე თქმით, გიორგი გახარიამ თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ სხვა დღეებთან შედარებით, დეპუტატებმა ბევრი საშვის გაცემა მოითხოვეს. 

"ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რატომ გააძლიერეს პარლამენტის შენობა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სიგნალი, გარდა იმ განცხადებებისა და ფონისა, რაც შეიქმნა, ერთერთი ინდიკატორი იყო, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ თუ რომელიმე პარტია, საშუალოდ დღეში 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა, დავუშვათ, 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს" - ამბობს სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ დაახლოებით 20-კაციანი დახურულ შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ყველაფერზე ისაუბრა - 20 ივნისს პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერებიდან დაწყებული, მიტინგის დაშლით დამთავრებული.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. სამი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, დააკავეს აქციის ოთხი მონაწილე.

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა". 

კომენტარები