საქართველოს ისტორია

ბაქრაძე პუტინზე: სამწუხაროდ, რუსულ ნარატივთან საბრძოლველად არაფერი კეთდება

ლაშა ბაქრაძე
საუბარი რელიგიაზე

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებისა და გადაწერის მცდელობაზე საუბრობს. 

ტაბულასთან საუბრისას ისტორიკოსი განმარტავს, რომ ის, რაც პუტინმა თქვა საქართველოს მიერ აფხაზეთის ოკუპირებასა და იქ გენოციდის მოწყობის შესახებ, აბსოლუტურად არ არის ახალი რამ და დიდი ხანია ამას რუსული პროპაგანდა იმეორებს. ბაქრაძის შეფასებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ პროპაგანდას რუსეთი წარმატებულად იყენებს. 

"ამ რუსულ ნარატივს ძალიან ბევრ დასავლურ პუბლიკაციაშიც წააწყდებით და ძალიან ხშირად მოისმენთ სხვადასხვა საქართველოსადმი კეთილგანწყობილი უცხოელისგანაც. ასე რომ, რუსეთი, ცხადია, რომ ამ თავის ზღაპრებს ავრცელებს და წარმატებითაც და საქართველო ამას ვერანაირად ვერ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვერ შევძელით ამ საინფორმაციო ომში გარკვეული ალტერნატივის შექმნაც კი. რატომღაც გვგონია, რომ რაც ჩვენ ვიცით და დარწმუნებულები ვართ, ეს თავისთავად ყველამ უნდა იცოდეს და იზიარებდეს. ეს ასე არ არის,"- ამბობს ლაშა ბაქრაძე. 

ისტორიკოსის შეფასებით, ის ფაქტიც კი, რომ ამხელა სახელმწიფოს მეთაური საქართველოზე ამდენს საუბრობს, საქართველოს მიმართ მის არაჯანსაღ დამოკიდებულებებზე მიუთითებს. 

"თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამენაირად ისტორიის ჩვენეული ხედვა გავაცნოთ, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობას, რადგანაც ჩვენთანაც ბევრმა არ იცის ეს და შემდეგ უკვე არგუმენტირებულად ვეცადოთ ამის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზეც. 

სამწუხაროდ, ამ მხრივ არაფერი კეთდება. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემაა. მაინცდამაინც ყველას ვერ მოვთხოვთ, რომ 500-გვერდიანი წიგნი წაიკითხოს. ძალიან კარგი იქნებოდა მოკლე, კონკრეტული პასუხები თუნდაც მხოლოდ იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც პუტინმა წამოჭრა, რომ საქართველოშიც მეტი ინფორმაცია გვქონდეს,"- ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ტაბულას შეკითხვაზე, რას ფიქრობს იმაზე, რომ პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ისტორიის დამახინჯებას და ტყუილს საქართველოს არცერთი უწყების, მათ შორის არც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია, ბაქრაძე პასუხობს, რომ "თავისთავად ცხადია, რომ განცხადება უნდა გაეკეთებინათ". 

"ამავე დროს ეს ზღაპრები, რასაც დღეს ნარატივს ვუწოდებთ, მუდმივად მეორდება და ძალიან კარგი იქნება, რომ საერთოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის ვებსაიტზე მოკლე კითხვები და პასუხები ჰქონდეს მსგავს მტკივნეულ თემეზე. ეს ბევრ ქვეყანაშია ასე, არაფერ ახალს არ ვამბობ და არამხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს... მაგალითად, თურქეთის კულტურის სამინისტროს მშვენიერი ვებსაიტი აქვს, სადაც მთელი რიგი კითხვა-პასუხებია ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, თურქეთის აღმოსავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება, გაკეთდეს. 

გარდა ამისა, სერიოზულად მისახედია, თუნდაც მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო ისეთ წყაროებზე, როგორიც არის მაგალითად, ვიკიპედია, სადაც შეგვიძლია, რომ ვიმუშაოთ. არამხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ პირველ რიგში, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. ამის მოგვარება ძალიან მარტივია, თუკი სახელმწიფოს ექნება შესაბამისი ნება," - ამბობს ბაქრაძე.

რა თქვა პუტინმა და როგორ იყო სინამდვილეში წაიკითხეთ აქ.

კომენტარები