სერგეი გავრილოვის ვიზიტი

კასპის მაჟორიტარს გავრილოვთან შეხვედრის გამო ბიუროს კარი მავთულხლართით აუჭედეს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრებმა ბიუროს კარი მავთულხლართით აუჭედეს. მათი თქმით, ამის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს ვიდეო მასალა, სადაც ირაკლი მეზურნიშვილი ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დახურულ შეხვედრას მართავს.

"გავრილოვი მიიყვანეს პარლამენტში, ჩააგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თავმჯდომარის სკამზე და რაც მოჰყვა გავრილოვის ღამეს, ამათი შემოქმედებაა. აი, ამათ დააბრმავეს ეს ბავშვები. მეზურნიშვილმა სულში ჩააფურთხა ჩვენს გმირებს, სულში ჩააფურთხა ზაზა დამენიას, ჩემს მეგობარს, სულში ჩააფურთხა გიორგი ანწუხელიძეს, ტატუნაშვილს, ყველას სახეში შეგვაფურთხა მეზურნიშვილმა, იმიტომ, რომ ეს არის ერის სირცხვილი, ამან გააკეთა მოღალატეობრივი ქმედება", ამბობს ენმ-ს წევრი ნუგზარ ნონიაშვილი რუსთავი 2-თან.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად, მოქალაქეთა აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები.

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადა, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

21 ივნისს ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვება, ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი. თუმცა რუსთაველზე აქციები კვლავ გრძელდება და აქტივისტები მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. მათი კიდევ ორი მოთხოვნა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლება, შესრულებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები