გავრილოვის ღამე

მელია: გუშინ გავრცელებული კადრები ოცნების პროპაგანდას თავდაყირა აყენებს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ გუშინ გავრცელებულ უწყვეტ ვიდეოკარებზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს მასალა ქართული ოცნების პროპაგანდას თავდაყირა აყენებს. 

"გუშინ მოპოვებულმა უწყვეტმა ვიდეოკადრებმა სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე "ქართული ოცნება" ამტკიცებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდა თავდაყირა დადგა და მთლიანად დაინგრა. პროპაგანდა, რომელიც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, 20 ივნისიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ მათ დაინახეს მყისიერი საფრთხე პარლამენტზე შტურმის მიტანისა მომიტინგეების მხრიდან. თუმცა, გუშინ გავრცელებულმა ვიდეომასალამ მართლაც სრულიად საპირისპირო რამ დაადასტურა. დაადასტურა ის, რომ ღამის საათებში, დაახლოებით 12-ის ნახევარზე, პოლიტიკური პარტიებს ლიდერები, მათ შორის მეც, ხალხისგან ნებადართულები ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ საბოლოოდ დაეშვათ რაღაც საშვი და შევსულიყავით პარლამენტის შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად. იმ დროს, როდესაც აბსოლუტური სიმშვიდე იყო და პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი არ შეიმჩნეოდა არანაირი შეხლა-შემოხლა, დაიწყეს უმოწყალო დარბევა და ეს დარბევა გაგრძელდა დილის 06:00 საათამდე. მადლობა ღმერთს, ეს კადრები ჩვენ მოვიპოვეთ, უწყვეტი კადრები იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალობა დამტკიცდეს", - თქვა ნიკა მელიამ.

მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ოპოზიციური ლიდერები პარლამენტის შესასვლელთან მდგარ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს შეთავაზება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნონ. ოპოზიციური ლიდერები ხალხისგან ნებართვას იღებენ, ამ დროს კი მოულოდნელად ცრემლსადენი გაზის პირველი გასროლა ხდება, თანაც არა წინა, არამედ უკანა რიგებში.

20 ივნისს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო, მშვიდობიანი აქცია ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლებით დაარბია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მომიტინგეთა პარლამენტში შეჭრის საფრთხის გამო გააკეთა. 

გავრილოვის ღამის სრული ქრონოლოგია ნახეთ აქ. 

ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯური დაუმაგრეს. 2 ივლისს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა, ძალაში დატოვა. 

მანამდე კი, 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები