ნათია თურნავა

თურნავა: მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არაა და შესაბამისად, ეკონომიკა ღიაობასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ეყრდნობა.

"საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება და პრიორიტეტად კერძო სექტორის განვითარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიიჩნევს," - ამბობს მინისტრი.

ამასთან, თურნავა პოზიტიურად აფასებს, რომ 2014-16 წლებში საქართველომ საშუალოდ მშპ-ს ზრდის 3.5%-ს მიაღწია

"საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად 2014-16 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკებისა, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 3.5%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ბევრი ჩვენი მეზობელი ახლოს იყო რეცესიასთან".

საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

კომენტარები