ხორავას ქუჩის საქმე

მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

რუსთავი2

მიხეილ კალანდია, რომელიც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდების მხარის შუამდგომლობით დღევანდელი სხდომა დახურული იყო. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. 

დაცვის ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის თქმით, კალანდიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 

"არსებითი საქმის განხილვის დროს აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი იმიტომ, რომ ისეთი მოცულობის მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი და იმ რაოდენობის, რომ შეუძლებელია ამ საქმემ თავი დაიმაგროს სასამართლოში და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს",- ამბობს ადვოკატი. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ კალანდია ნამდვილად დამნაშავეა სარალიძის მკვლელობის საქმეში.

"არსებობს ვარაუდის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმეზე შესაძლოა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ, საქმეზე დაინიშნა არსებითი განხილვა. ასევე, აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ გადასინჯა, მიიჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები გასათვალისწინებლად და გაიზიარა ის მოცემულობა, რომ კვლავ არსებობდა რისკი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, შესაბამისად, გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით ასევე დარჩა ძალაში," - ამბობს პროკურორი მირიან მეგრელიშვილი.

მორიგი განხილვა 24 ივლისს გაიმართება. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. კალანდია ამ დრომდე ხორავას ქუჩაზე მომხდარის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

3 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კალანდიას დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 5 სექტემბერს მოითხოვდა. 

თუმცა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაში მიხეილ კალანდიას დაკავება ერთადერთი რეკომენდაცია არ ყოფილა. ევროპული საქართველოს წევრები მთელი რიგი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდნენ, როგორც პოლიტიკურ, ისე სისხლისსამართლებრივ ნაწილში. 

კერძოდ, საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით. 

კომისია ასევე საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვდა.

კომისია ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვდა, სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. 

და ბოლოს, კომისია მოითხოვდა, დამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა, და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დაკავებული თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები