საქართველოს ისტორია

ანი ჩხიკვაძე: ზეზვაზე, მზიაზე, საქართველოსა და რუსეთზე

“ჩვენ შევქმენით იტალია, დროა იტალიელები შევქმნათ”

მასიმო დ’აზელიო

ცოტა ხნის წინ ნიუსს გადავაწყდი ახლად აღმოჩენილ თავის ქალებზე და მხოლოდ იმიტომ გადავედი ბმულზე, რომ მენახა, რომელი უფრო ძველი იყო, ახალი აღმოჩენა თუ ზეზვა და მზია. საკუთარი თავი გამოვიჭირე იმის დადგენის მცდელობაში, რომ ჩვენი ჯობია. ამაზე ჯერ გამეცინა და მერე დავფიქრდი, რა მაკავშირებს მე, ანი ჩხიკვაძეს, იმასთან, რომ მილიონობით წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ არც საქართველო იყო და არც სხვა რაიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ადამიანის წინაპრები დადიოდნენ, საჭმელს აგროვებდნენ, ალბათ კოღოები მათაც აწუხებდნენ. მართალია ამ აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში ახალი კითხვები გააჩინა, რატომ ვამაყობთ ჩვენ ამით?

საერთაშორისო კონფერენცია იქნება თუ უბრალო ღვინის სმა უცხოელებთან ერთად, ქართველები მათ აუცილებლად ამცნობენ, რომ ევროპა საქართველოში დაიწყო. ამაში დამნაშავე თავადაც გახლავართ. მახსოვს, ერთ კონფერენციაზე ევროპელ კოლეგებს მოსაწვევი გავუგზავნეთ: „გიმასპინძლებთ საქართველო, ადგილი სადაც ევროპა დაიწყო“, - ასე იწყებოდა წერილი. ევროპელმა კოლეგამ  ეს ფრაზა გამოიტანა, ხაზი გაუსვა და თქვა, ვერ მივხვდი აქ რას გულისხმობთო.

და მართლა, რას ვგულისხმობთ ამაში? რითია ეს ჩვენი დამსახურება? ან კი როგორ დაიწყო ევროპა საქართველოში, როცა არც ევროპა იყო ევროპა და არც საქართველო იყო საქართველო? სიმბოლური მნიშვნელობა, მეცნიერულიც გასაგებია, თუმცა რატომ ვამაყობთ იმით, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია და არა იმით, რაც ჩვენ შევქმენით?

ერთ კარგ წიგნში “ლეოპარდი“, ჯუსეპე ლამპედუზა სიცილიელებზე ლაპარაკობს (ეს მსგავსება მე არა, ლადო გურგენიძემ შეამჩნია და ვენდი სტივენსონს უთხრა) და ამბობს: „სიცილიელებს არასდროს სურთ უკეთესნი გახდნენ, იმ უბრალო მიზეზით, რომ საკუთარ თავს სრულყოფილად აღიქვამენ. საგარეო შემოჭრა... ანგრევს მათ მიღწეული სრულყოფილების ილუზიას და არყევს მათ კმაყოფილებას არაფრის ლოდინით.

სხვადასხვა წყება განსხვავებული ხალხების მიერ გათელვის შემდეგ, ისინი თვლიან, რომ იმპერიული წარსული აქვთ, რაც მათ გრანდიოზული დაკრძალვის უფლებას ანიჭებს“ - რამდენჯერაც გადავიკითხავ, იმდენჯერ ჩვენს თავს მახსენებს. ჩვენც ვამაყობთ იმით, რომ იმპერიული წარსული გვაქვს, იმით როცა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული და ცოტა ხნის წინ ამის გამო აზერბაიჯანსაც კინაღამ წავეჩხუბეთ, თურქებიც ამიტომ არ მოგვწონს და სწორედ ამ წარსულის და სიძველის გამო ვითხოვთ დაფასებას საერთაშორისო არენაზე.

ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. მეოთხე საუკუნეში ათენელი ისტორიკოსი თუკიდიდე წერდა, რომ „ის გზა, რითაც ადამიანთა უმეტესობა ტრადიციებს  უდგება მათი, როგორც მოცემულის მიღებაა, კრიტიკული შეფასების გარეშე“ და ჩვენ, ამდენი საუკუნის შემდეგაც ვერ გავცდით ამ წრეს. არც ტრადიციებს, არც წარსულს და არც ისტორიას არ ვაფასებთ კრიტიკულად. ჩვენი რეალური ისტორია არა სამყაროს ცენტრის, არამედ იმპერიათა პერიფერიის ისტორიაა, სადაც ზოგჯერ გვიმართლებდა, ზოგჯერ არა. ზოგჯერ სწორ გადაწვეტილებებს ვიღებდით, ზოგჯერ არჩევანი არ გვქონდა და ზოგჯერ არასწორ არჩევანს ვაკეთებდით - ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა ჩვენსავით გზაჯვარედინზე. არც მითების, ეპოსების, გაბერილი რიცხვების და ლევან სანიკიძის ზღაპრად თქმული ისტორიით ვართ განსაკუთრებულები, ამაშიც ბევრი მეწილე გვყავს.

ევროპა არა საქართველოში, არამედ იქ დაიწყო, სადაც იდეები შეიქმნა, რაზეც ის დაფუძნებულია: ძველ საბერძნეთში და ძველ რომში, სადაც დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ რას ნიშნავს მოქალაქე, რას ნიშნავს არჩევანის თავისუფლება და ინდივიდის უფლებები. მოგვიანებით ვესტფალიის ზავით ევროპა შეთანხმდა, რას ნიშნავდა სუვერენიტეტი და რომ ის თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

შემდგომ იყო ამერიკის შექმნა, რომლის ამოსავალიც ინდივიდის უფლებებია, საფრანგეთის რევოლუცია და რომანტიული ნაციონალიზმის ხანა მე-19 საუკუნეში, როცა საფუძველი ჩაეყარა ევროპის ქვეყნები უმეტესობას დღევანდელი სახით. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა გამოვტოვე: უფლებების ქარტია, კონსტანტინოპოლის დაცემა და ა.შ. არც ასე მოკლედ იყო ყველაფერი, და ამ საკითხებზე შეთანხმებას ბევრის სისხლისღვრა და წყევლა-კრულვა მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

მოკლედ, ევროპა და დასავლეთი იდეამ შექმნა, იდეამ რომლის ცენტრშიც თავისუფალი ადამიანია. და რამ შექმნა საქართველო?

საქართველოც ამ იდეის ნაყოფია, ამას ადასტურებენ პირველ რიგში ისინი, ვინც საქართველოს ქმნიდა: ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი და შემდეგ უკვე პირველი რესპუბლიკის შემოქმედები, რომლებმაც ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორად აქციეს. ჩვენ სწორედ ეს შევქმენით: სახელმწიფო. ამიტომაა ევროპა ჩვენი არჩევანი და არა იმიტომ რომ აქ ზეზვა და მზია უფრო ძველია, ვიდრე სხვა ძვლები და ამიტომაა რუსეთი მტერი, რადგან ის სწორედ ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის.

ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბება სწორედ მოსკოვის წინააღმდეგ დაიწყო. რუსეთის იმპერიამ, რომელსაც ამ მისწრაფების დაჯაბნა სურდა, საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. რუსეთი საქართველოსთვისიყო ის „სხვა“, რომლის პირისპირაც ჩვენ თავი განვსაზღვრეთ და დღემდე კრემლი საქართველოსთვის რჩება იმის საზომად თუ რა არ გვინდა ვიყოთ: ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც (პიტერ პომერანცევს დავესესხები) დილით თავს გრძნობს, როგორც დიქტატურა, საღამოს როგორც მონარქია და ღამით, როგორც ოლიგარქია. მისმა ლიდერმა, რომელიც ბევრად არ განსხვავდება მისი წინამორბედებისგან, სწორედ ამ ლოგიკით იმოქმედა, დილით დაგვტუქსა, შუადღეს ვასალად გამოგვაცხადა და საღამოს აღმოაჩინა, რომ „პატივს სცემს ქართველ ერს“.

სწორედ ამიტომ დგანან ადამიანები 22 დღეა რუსთაველზე. მათთვის რუსეთი, რომელიც ჩვენი მთავრობის გვერდით აღმოჩნდა, ემუქრება იმას, რაც ჩვენი უდიდესი მონაპოვარია: სახელმწიფო და თავისუფლება. მსგავსად ცენტრალური ევროპელებისა, კუნდერას დავესესხები, ევროპა მათთვის არა გეოფრაფია, არამედ იდეური ცნებაა, დასავლეთის სინონიმი, რომელიც თავისუფლებას განასახიერებს. ხოლო რუსეთი ამის ნეგატივია.

გასულმა დღეებმა გვაჩვენა კონტრასტი ამ ადამიანებსა და მათ შორის რომლებიც კომბლებით იცავენ „ქართველობას“ და „ეროვნულ იდენტობას“. გასაკვირია, რომ თუ 30 წლის წინ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას ეს ფრაზები რუსეთის წინააღდეგ იყო მიმართული, დღეს მის ქომაგად გადააქციეეს. მაგრამ, არაფერია ეროვნული იმაში, რომ კომბლით დასდევდე შენი ქვეყნის მოქალაქეს. ეს სწორედ რომ რუსული მეთოდია. 

თუმცა ფაქტია, რომ ამ ნაწილს ნამდვილად ჯაბნიან ის ადამიანები, ვისთვისაც ეს სირცხვილია. მათი უმეტესობა ჩემსავით ახალგაზრდაა. მათ არა წარსულში ქექვა, არამედ მომავლისკენ ყურება სურთ.

და ჩვენ მოვიგებთ ამ ომს.

კომენტარები