გიორგი გახარია

გახარია: ახლა თანამდებობიდან წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა

გიორგი გახარია
ტვ პირველი

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას თანამდებობიდან გადადგომის პრობლემა არ აქვს, თუმცა, მისთვის ახლა თანამდებობიდან წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. 

გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც მოქალაქეები 20 ივნისის ღამით აქციის დარვების შემდეგ, უკვე 22 დღეა ითხოვენ, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში საუბრობს. 

"ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა. ყველაზე მარტივი გამოსავალია. ამასთან ერთად, წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა, არა პასუხისმგებლობის აღება. ის, რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს, იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ დაესხნენ თავს, ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. როდესაც ოკუპაციის საფარქვშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევის და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ ჩამოშლას პარლამენტის, როდესაც ვერ ხსნიან დღესაც, რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შენ, შს მინისტრი, თანამდებობის პირი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო, გადარჩინო შენი იმიჯი, თუ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც, თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი", - თქვა გიორგი გახარიამ. 

გადაცემის პარალელურად, ტვ პირველის სტუდიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა შს მინისტრი სტუდიაში შეძახილებით და სტვენით შეაცილეს. 

20 ივნისს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო, მშვიდობიანი აქცია ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლებით დაარბია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მომიტინგეთა პარლამენტში შეჭრის საფრთხის გამო გააკეთა. 

გავრილოვის ღამის სრული ქრონოლოგია ნახეთ აქ

ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯური დაუმაგრეს. 2 ივლისს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა, ძალაში დატოვა. 

მანამდე კი, 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები