პროკურატურა: ნიკა მელიას კადრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ტვ პირველი

მთავარი პროკურატურა ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ და ამბობს, რომ ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს. 

აღსანიშნავია ასევე, რომ გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშუალებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრა ნიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 საათიდან 23:56 საათამდე). აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიპირველად იყენებენ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე", - წერს პროკურატურა 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია Facebook-ზე 20 ივნისს ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ უწყვეტ ვიდეო-კადრს აჩვენებს. 

ვიდეოზე ჩანს, რომ ოპოზიციური ლიდერები პარლამენტის შესასვლელთან მდგარ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს შეთავაზება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნონ. ოპოზიციური ლიდერები ხალხისგან ნებართვას იღებენ, ამ დროს კი მოულოდნელად ცრემლსადენი გაზის პირველი გასროლა ხდება, თანაც არა წინა, არამედ უკანა რიგებში.

"კადრები, რომელსაც 20 დღეა, ვეძებდით! ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით. პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ/გახარიამ,"- დაწერა ნიკა მელია. 

კომენტარები