გიორგი გახარია

გახარია ამბობს, რომ დავით გრიგორიანს, რომელიც 10 დღე კომაში იყო, ტყვია საერთოდ არ მოხვედრია

ტვ პირველი

შს მინისტრის თქმით, 46 წლის დავით გრიგორიანს, რომელიც აქციაზე მიღებული ტრავმების გამო 10 დღე კომაში იყო, ტყვია საერთოდ არ მოხვედრია. 

"ვინ გაწვდით არ ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. მას არ აქვს დაზიანება ნასროლი ტყვიით. დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს. როცა ვიღაც საუბრობს დათვის და კიდევ რაღაც ტყვიებზე, ეს არის სიცრუე. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი", - თქვა გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში, ტვ პირველის ეთერში. 

მისი თქმით, გრიგორიანი კომაში თავში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმის გამო ჩავარდა.

"გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი", - თქვა შს მინისტრმა. 

ინტერვიუში გახარიამ არაერთხელ გაიმეორა, რომ გავრილოვის ღამეს გამოყენებული ტყვიები არალეტალურია, თუმცა, 20 ივნისის აქციის დაშლისას არაერთ ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 ჟურნალისტი, 80 პოლიციელი, ასევე, 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი იყო კომაში, ათობით ადამიანს დასჭირდა ოპერაცია სხეულიდან ტყვიების ამოსაღებად. 

20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან 30 ივნისს მოხსნეს.

მას 20 ივნისს პარლამენტის წინ ანტირუსული აქციის დარბევისას სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვია თავში მოხვდა. ის 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო შეერთებული. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 22 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები