გუბაზ სანიკიძე

სანიკიძე ივანიშვილს: შე სერგო ორჯონიკიძე, ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ!

რუსთავი2

პოლიტიკური გაერთიანება გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე რუსთავი 2-თან საუბარში ეხმაურება მის გამოკითხვაზე დაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ერმა იხილა, რომ ვართ ოკუპირებული და გვყავს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს, რომ პატრიოტები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებისაც ძალიან ეშინია სხვათაშორის, არ დაგიმალავთ და მემგონი, თვითონაც არ მალავენ უკვე, ჩვენ, რა თქა უნდა, სურს მოგვაქციოს ციხეში და იზოლირება გაგვიკეთოს. ბიძინა, არ გამოგივა, რა, არ გამოგივა, შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო. ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტავ დამიჭირო."

სანიკიძის თქმით, ის აპირებს, რომ ხვალ გამოკითხვაზე მივიდეს:

"11-ის ნახევარზე მე წამომყვება ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი ვალერი გელბახიანი, ვაპირებთ განცხადების შეტანას და მაგისტრანტ მოსამართლესთან მზადა ვარ მე, დაკითხვაზე მივიდე." - ამბობს ის.

ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე ხვალ, 12 ივლისს, 12:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

ინფორმაცია "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამ და 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამეზე გამოძიება.

კომენტარები