ნარკოპოლიტიკა

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ

genpud

"მზრუნველობა დასჯის ნაცვლად" - ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით, ამ სახელწოდების აქციას დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ.

ორგანიზატორები პრემიერმინისტრს პეტიციით მიმართავენ. ისინი ითხოვენ მოხდეს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის ჰუმანიზაცია, მწირ, მაგრამ არსებულ პროგრამებში აღმოიფხვრას პრობლემატიკა, ასევე, აქცენტი გადავიდეს ჯანდაცვის სისტემის გამართვასა და კომპლექსური მიდგომების დანერგვაზე.

"ჯერ კიდევ ქვეყანაში მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის დროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სახით, რომელმაც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დაჩაგრა, წაართვა ჯანმრთელობის უფლება და ყველაზე ფასეული სიცოცხლე. ოცნების ხელისუფლების პირობებში, ასევე არ მომხდარა ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია მიუხედავად მათი ქვეყნის სათავეში მოსვლამდე არაერთი დაპირებისა. ჩვენ დღესაც ვხედავთ ნარკოტიკების მომხმარებლების დევნას, მიუხედავად მათ წინაშე არსებული პრობლემებისა. საპატიმრო დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით ფლობისთვის უსამართლო სასჯელს იხდიან ადამიანები. მათ ეკისრებათ მაღალი ჯარიმები, რითაც მძიმდება ოჯახებისა და გარკვეულწილად მთლიანად საზოგადოების სოციო ეკონომიკური პირობები", - წერია პეტიციაში.

აქციის ორგანიზატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ჩანაცვლების პროგრამებია, თუმცა იქაც არაერთი პრობლემაა.

"გვახარებს ის ფაქტი, რომ მეტადონის პროგრამის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში გაზრდილია, განსაკუთრებით ფინანსური ბარიერის მოხსნის შემდეგ, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ე.წ. სუბოქსინის პროგრამებზე. მიუხედავად იმისა, რომ წელს 400 ბენეფიციარით გაიზარდა პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, მოთხოვნა გაცილებით დიდია. ალტერნატივის სახით ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე კომერციული პროგრამა, სადაც ფასი მაღალი და მონოპოლიზირებულია. ისევ პრობლემად რჩება ქალთა ციხეში ჩთ პროგრამის არ არსებობა", - აღნიშნულია პეტიციაში.

ავტორების განმარტებით, პეტიცია ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების საინიციატივო ჯგუფმა და GeNPUD-მა ნარკოპოლიტიკისა და ჩანაცვლების თერაპიის პროგრამებში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შეადგინა და ხელმომწერები პროგრამის მონაწილეებიც არიან.

"ნარკოტიკების მომხმარებლების, პაციენტების და მათი ოჯახის წევრების მიზანია, პრემიერ მინისტრის მიერ მოხდეს არსებულ პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილება და შესაბამის უწყებების მობილიზება, რათა ქვეყანაში განხორციელდეს რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის ჰუმანიზაცია, მწირ, მაგრამ არსებულ პროგრამებში აღმოიფხვრას პრობლემატიკა და აქცენტი გადატანილ იქნას ჯანდაცვის სისტემის გამართვასა და კომპლექსური მიდგომების დანერგვაზე", - აღნიშნულია პეტიციაში.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 17:00 საათზე გაიმართება და ორგანიზატორების პეტიცია პრემიერმინისტრს გადაეცემა.

კომენტარები