საგარეოს ახალი განმარტება: ელჩებთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო, ფიზიკური მობილიზაცია - არა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩების ყოფნასთან დაკავშირებით ახალ განმარტებას აკეთებს. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ელჩების ფიზიკური მობილიზება არ ყოფილა, თუმცა მათთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო.

საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

თავდაპირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და პირველად ესმის, რომ ვინმემ მობილიზაცია გაუკეთა ელჩებს და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

მას შემდეგ, რაც ეს კომენტარი მედიაში გავრცელდა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ წინა კითხვა-პასუხმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს, დააზუსტონ კონკრეტულად რა იგულისხმა კითხვაში ჟურნალისტმა.

ვიდეოში ისმის ჟურნალისტის პირველი კითხვაც - "საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეკრიბა ელჩები? იმ დღეს იმყოფებოდნენ პარლამენტში?". სწორედ ეს არ დაუდასტურა კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს. გიორგი გახარიას განცხადების შესახებ ჩაკითხვის შემდეგ კი მან თქვა, რომ კითხვა კარგად გაიგო და ინფორმაციას არ ადასტურებს.

უკვე მეორე კომენტარში საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენელი განმარტავს, რომ 20 ივნისს ელჩების ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა, თუმცა დიპლომატიურ კორპუსთან როგორც საგარეო, ასევე სხვა უწყებების მხრიდან ინტენსიური კომუნიკაცია იყო.

"თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია, ბუნებრივია, არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები, ასეთი რაღაც არ ყოფილა. მაგრამ თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც", - თქვა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელი ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა 20 ივნისს პარლამენტში, ის პასუხობს, რომ გერმანიის. სხვა ელჩების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ყოფნას არ ადასტურებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი, უკრაინის ელჩი.

კომენტარები