გახარიას მოადგილე: გერმანიის ელჩი იყო პარლამენტში, სხვა ელჩები ხაზზე იყვნენ

ნინო ჯავახაძე
ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა, ხოლო სხვა ელჩები ხაზზე იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში.

ასე განმარტავს ის შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

"იმ ღამეს თუ გახსოვთ, გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა", - თქვა ნინო ჯავახაძემ.

გიორგი გახარიას მოადგილის კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავცელებს.

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

მოგვიანებით, სამინისტრომ ახალი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ელჩების ფიზიკური მობილიზება არ ყოფილა, თუმცა მათთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ყოფნას არ ადასტურებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი, უკრაინის ელჩი.

კომენტარები