მინისტრის მტკიცებით, დარბევის შესახებ ხალხი წყლის ჭავლის გამოყენებისას გააფრთხილეს

მაია ცქიტიშვილი
commersant

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ მდგარი მომიტინგეები დარბევის შესახებ წყლის ჭავლის გამოყენების დროს გააფრთხილეს.

შეგახსენებთ, რომ წყლის ჭავლის გამოყენებამდე სპეცრაზმი მშვიდობიან აქციას 2 საათის განმავლობაში რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არბევდა. 

"როდესაც შტურმის მოგერიება ხდებოდა, პოლიციის მხრიდან, ასეთი სახის გაფრთხილება, შესაძლოა, ცალკეულ არ იყო საჭირო და ეს აუცილებლობით გამოწვეული მოქმედებაა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწოდებები იყო. წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა,"- ამბობს ცქიტიშვილი. 

20 ივნისს პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად დაარბია. სპეცრაზმმა ჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ბოლოს კი აქცია წყლის ჭურვებით საბოლოოდ დაშალა. 

მომიტინგეები კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად დარბევის შესახებ წინასწარ არცერთ უწყებას არ გაუფრთხილებია. უფრო მეტიც, პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მომიტინგეები შეცდომაში შეიყვანა იმით, რომ დარბევამდე 14 წუთით ადრე თქვა, რომ "რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ არის" და დარბევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ჭორი უწოდა. 

მოგვიანებით ბახტაძემ მედიასთან განმარტა, რომ იმ წუთას, როდესაც ეს განცხადება გააკეთა, ხელისუფლება აქციის დარბევას არ აპირებდა, თუმცა პრემიერის თქმით, ვითარება პარლამენტის წინ ძალიან სწრაფად იცვლებოდა და დარბევა იმიტომ მოხდა, რომ პარლამენტის შენობაზე შტურმი ხორციელდებოდა. 

ენმ-ის დეპუტატის, ნიკა მელიას, მიერ 10 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოში კი აბსოლუტურად საპირისპირო ჩანს. ვიდეო 20 ივნისს დარბევამდე 7 წუთით ადრეა გადაღებული და უწყვეტი კადრით ასახავს უშუალოდ პარლამენტის შესასვლელთან მიმდინარე მოვლენებს. მელია და სხვა ოპოზიციური ლიდერები ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შეთავაზება მიიღეს და მომიტინგეებს ეკითხებიან, შევიდნენ, თუ არა შეხვედრაზე, რა დროსაც სპეცრაზმმა პირველი ცრემლსადენი გაზი ისროლა, ოღონდ არა პარლამენტის შესასვლელის წინ მდგარი მომიტინგეების მიმართ (რომლებიც ხელისუფლების მტკიცებით, პარლამენტის შტურმით აღებით აპირებდნენ), არამედ უკან მდგარი მომიტინგეების მიმართ, რომელთაც საერთოდ არ ესმოდათ, რა ხდებოდა წინ - გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სპონტანურად დაიგეგმა, ადგილზე შესაბამისი მოწყობილობა და ხმის გამაძლიერებლები არ იყო, ამიტომაც უკან მდგომ ადამიანებს არ ესმოდათ, რა მოწოდებებს აკეთებდნენ მიკროფონთან მდგარი პოლიტიკოსები. 

დარბევაზე გაფრთხილების პასუხისმგებლობა, კანონის თანახმად, თბილისის მერიასაც ეკისრებოდა, რომელმაც ასევე არ გააფრთხილა მომიტინგეები. კითხვაზე, რატომ მოიქცა ასე, თბილისის მერიაში გვიპასუხეს, რომ მათ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ, რადგან 5 დღით ადრე არ იცოდნენ, რომ აქცია გაიამართებოდა. 

11 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" იცრუა და თქვა, რომ მომიტინგეები 4-ჯერ გააფრთხილეს დარბევის შესახებ, მათ შორის ხმისაც. 

გავრილოვის ღამის სრული ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

კომენტარები