ლარის კურსი

რატომ უფასურდება ლარი და როგორ შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკა - ინტერვიუ გიგა ბედინეიშვილთან

0 კომენტარი
გიგა ბედინეიშვილი

ბოლო ერთი თვის მანძილზე, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა უკვე 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა, 9 ივლისს კი დოლართან მიმართებით ოფიციალური კურსის 2.90-ზე ასვლით ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა.

ტაბულა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა.

ბედინეიშვილი ამბობს, რომ გასული თვის მანძილზე ლარის კურსის ვარდნის მთავარი მიზეზი რუსული ემბარგოს მოლოდინი იყო:

"ფაქტიურად, რაღაც მსუბუქი ფორმის ემბარგო დაანონსდა და დანერგილია კიდევაც - ეს ეხება ფრენების აკრძალვას, რაც ალბათ უარყოფითად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზე. კიდევ იყო რაღაც შიშები, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი სანქციები ყოფილიყო ემბარგოს სახით და ამაზეც რეაგირება გააკეთა ბაზარმა."

ბედინეიშვილი აგრეთვე ლარის გაუფასურების გრძელვადიან მიზეზებზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.65 იყო, როცა ამჟამად 2.85-ს აღწევს. მისი თქმით, ამის მთავარი განმაპირობებელი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა იყო გასული წლების მანძილზე.

"როცა დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპია, ბუნებრივია, რომ ქვეყნის ვალუტაც სუსტდება. კი, იყო რაღაც გარეგანი ფაქტორები, მაგის გამორიცხვა არ შეიძლება. რაღაც მომენტში აზერბაიჯანული მანათი "ახტა", რუსული რუბლი გაუფასურდა მკვეთრად, ლირასაც ჰქონდა რაღაც პრობლემები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძალიან ძნელია გამოყო, ზუსტად მაგან რამდენი გაუფასურება გამოიწვია და რა შეიძლება მივაკუთვნოთ ცუდ ეკონომიკურ პოლიტიკას.

ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. ჩვენი კონტროლის ქვეშ ხომ არაა, ნავთობს რა მოუვა? ჩვენი კონტროლის ქვეშ რაც იყო, ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის, იყო გადასახადების ზრდის, რეგულაციების გამკაცრების და ყველაფერი ისეთი ქმედებები იყო განხორციელებული, რაც ეკონომიკის სტიმულირებას ვერ ახდენდა. შესაბამისად, სულ არ მიკვირს, რომ ლარი დასუსტებულია".

ბედინეიშვილი საუბრობს ოცნების კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებმაც, მისი აზრით ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, ლარის კურსს ავნო. მათ შორის ის ასახელებს საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებაზე უარის თქმას, თავდასხმებს ეკონომიკური თავისუფლების აქტზე, თამაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, საბანკო რეგულაციებსა და განვადების პროცედურების გართულებას.

"ეს ყველაფერი მოქნილობას უკარგავს ეკონომიკას და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეკონომიკური ზრდა ამით მხოლოდ შენელდება," - ამბობს ბედინეიშვილი.

გასული კვირების მანძილზე მთავრობდა ცდილობდა, ლარის კურსის ვარდნა რუსთაველის გამზირზე გამართული მანიფესტაციებისთვის გადაებრალებინა. "ეს ქვეყანა არ იმსახურებს, ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ ეს ქვეყანა, მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს?" - ამბობდა ივნისის ბოლოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. თუმცა ფაქტია, რომ ლარის გაუფასურება 20 ივნისის დარბევამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მაგალითისთვის, მაისის ბოლოს ერთი დოლარი უკვე 2.80 ლარი ღირდა, ხოლო აქციის წინა დღეს, 19 ივნისს, 2.79.

ბედინეიშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ლარის გაუფასურების აქციებისთვის გადაბრალება დემაგოგიაა:

"პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობაზეა. ქრონოლოგიურადაც, პირველი მთავარი დანაშაული, გავრილოვის ჩამოყვანის, მთავრობის ინიციატივა იყო და მეორე, რამაც უკიდურესად გაამწვავა სიტუაცია, იყო დემონსტრანტებისთვის რეზინის ტყვიების სროლა, რომელიც ასევე, ბუნებრივია, მთავრობის პასუხისმგებლობაა."

ბედინეიშვილის აზრით, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ყველაზე მიზანშეწონილი ნაბიჯები აქციზის გადასახადის გაუქმება, საბანკო და განვადებებთან დაკავშირებული რეგულაციების შემცირებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მისი თქმით, აუცილებელია საგადასახადო ტვირთის შემცირება:

"დღეს გვაქვს დაახლოებით 30%-მდე მთლიანი საგადასახადო ტვირთი ეკონომიკაზე. ეს საქართველოს, ჩემი აზრით, შეუძლია 20%-ის ქვემოთ ჩამოიყვანოს, თუ მართლაც იქნა პოლიტიკური ნება, კომპეტენტური გუნდი მთავრობის და ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთების სურვილი და შესაძლებლობა აქვთ".

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები